ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდი Rothschild & Co საქართველოს მთავრობასთან არსებულ მრავალმილიონიან კონტრაქტზე კომენტარს არ აკეთებს. საქართველოს წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ისეთი სტრატეგიის მომზადება, რომელიც საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა. 3 წლის და დახარჯული 10 მილიონი ლარის შემდეგ სტრატეგიის დოკუმენტი არსად ჩანს - ამის გამო BMG-იმ როგორც მთავრობის ადმინისტრაციას ასევე Rothschild & Co-ს მიმართა კითხვებით.
მთავრობის ადმინისტრაციისგან მკაფიო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, მომზადდა თუ არა რაიმე ღირებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა, ამის შესახებ თავად Rothschild & Co-ც კომენტარს არ აკეთებს.
ანალოგიური კითხვა დავუსვით ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსაც, რომელიც განმარტავს, რომ სამინისტრო არ წარმოადგენდა ამ შესყიდვაში წამყვან სტრუქტურას და რომ ეს მთავრობის ადმინისტრაციის პროექტი იყო.
ეკონომიკის მინისტრი მკაფიოდ არ ამბობს, გაგრძელდება თუ არა ეს ხელშეკრულება. ამასთან, იმ სამუშაოზე, რაც Rothschild & Co-მ შეასრულა, მინისტრი აცხადებს, რომ Rothschild & Co-ს მიერ შექმნილი "გარკვეული ანგარიშები არსებობს".
ლევან დავითაშვილს ამ კონტრაქტზე კითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც დაუსვა. მინისტრის თქმით, მას ნანახი აქვს კვლევები, რაც Rothschild & Co-მ მოამზადა და მიღება ჩაბარების აქტებიც არსებობს.
"ჩვენს სამინისტროს ეს კონტრაქტი არ დაუდია, ვერ მოგახსენებთ, კონკრეტული კვლევები საკონსულტაციო კომპანიის, რომელიც მთავრობამ დაიქირავა, ჩვენ ნანახი გვაქვს და მონაწილეობა გვაქვს მიღებული მუშა პროცესში. მიღება-ჩაბარებები არსებობს და შეგიძლიათ საჯარო ინფორმაციები გამოითხოვოთ.
ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ნამუშევარი და ეს პროცესი გაგრძელდება. მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ იმისთვის რომ შეიქმნას ფინანსური ჰაბი, უნდა არსებობდეს ფინანსური ინსტრუმენტები, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები, მნიშვნელოვნად განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რაზეც ასევე ნამუშევარი გვაქვს, იგივე ტრასტების კანონმდებლობა და თქვენ მოგიწევთ განხილვებში ჩართვა და უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ბაზა და სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ფინანსური კუთხით უფრო მეტი ოპერაცია მოვიზიდოთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გადახდილი თანხები:
სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და რომელიც შესაძლოა მკაფიო სახით არც არსებობს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მილიონობით ლარი დაუჯდა.
Rothschild & Co-სთვის 2022 წელს გადახდილია 3.8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს დახარჯულია 6 მილიონი ლარი. შესაბამისად, ამ დრომდე სტრატეგიის მომზადებაში 10 მილიონი ლარი არის გადახდილი.