მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებლები დაბალ ფასზე არიან ორიენტირებული, ამიტომ რუსულიდან ევროპულ საწვავზე გადაწყობა რთულია"

641308e95793b
სალომე ხიდურელი
16.03.23 18:49
796
ქართულ ბაზარზე ბენზინგასამართ სადგურებს შორის კონკურენცია გაიზარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებული ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა გაორმაგდა და ამ დროისთვის 1 400 ერთეულს აღწევს, რომლის დიდი ნაწილიც მცირე და საშუალო კომპანიებს ეკუთვნის.
საკითხზე, თუ როგორ ახერხებენ საწვავის კომპანიები კონკურენტუნარიან გარემოში ოპერირებას, გადაცემა „საქმიან დილაში“ საკუთარ გამოცდილებაზე „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ყვება. მისი თქმით, დაბალი ფასების შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლების მაღალი მაჩვენებლისთვის.

„ქართული ბაზარი კონკურენტუნარიანია, არავინ მოგცემს იმის საშუალებას, იმაზე მეტი მოგება ნახო, ვიდრე ამ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ამ სექტორში იმდენი მოთამაშეა, რომ არანაირი მითები იმაზე, თითქოს ფასების ზრდა საქართველოში მსოფლიო ბაზარზე ადრე ხდება, არ არსებობს, ბევრს ურჩევნია, სანამ საწვავის ბოლო წვეთს არ გაყიდის, დაბალი ფასი შეინარჩუნოს.

ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია ვართ საქართველოში, ჩვენთვის მთავარი გაყიდული ლიტრის რაოდენობაა და გაცილებით მისაღებია დაბალი ფასით მეტი ლიტრის გაყიდვა, ვიდრე მაღალი ფასი გვქონდეს და ლიტრების მაჩვენებელი ვერ შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, კონკურენტუნარიანი გარემოა მიზეზი, რის გამოც ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობპროდუქტების ევროპულით ჩანაცვლება ვერ ხერხდება.

„რუსეთის გარდა საწვავის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდანაც ვახორციელებთ, ძირითადად რუმინეთი-ბულგარეთიდან. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იაფასიან საწვავში რუსულ დიზელსა და ბენზინს ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ აქვს და „რეგულარისა“ და „დიზელ ენერჯის“ მომხმარებლები ძირითადად დაბალ ფასზე არიან ორიენტირებული, რთულია, უგულვებელყო რუსული პროდუქტი და ევროპულზე გადაეწყო. მაშინ ფასზე ორიენტირებული მომხმარებლის სეგმენტს დაკარგავ და კონკურენციის ომში რუსული პროდუქტის წინააღმდეგ შედიხარ, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო იკიდებს ფეხს ბაზარზე“, - ამბობს ხორავა.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 75 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 13,5 ათასი ტონა - 15,1%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,8%; უკრაინა - 0,07 ათასი ტონა - 0,1%; ბულგარეთი - 0,06 ათასი ტონა - 0,1%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები