მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს" - რა უშლით ხელს ავტოდილერებს ბაზარზე სრულფასოვან ოპერირებაში?

62133328b344c
ლიკა გურაბანიძე
21.02.22 20:42
2822
ავტოინდუსტრიაში 2020-2021 წლებში პანდემიის გამო შექმნილი გლობალური პრობლემები ქართველი ავტოდილერებისთვისაც ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა. კერძოდ, მსოფლიო ბაზრებზე ნახევრად გამტარი ჩიპების წარმოების პრობლემა შეიქმნა, რაც პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე გაჯეტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. შედეგად, წარმოებაში შექმნილი ხარვეზების გამო, ბაზარზე ავტომობილების დეფიციტი გაჩნდა. საბოლოოდ, საერთაშორისო ბაზრებზე წარმოების პრობლემებმა ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების ფასების ზრდა გამოიწვია.

“ჯითი მოტორსის” დირექტორი, თემურ უსტიაშვილი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ის დეფიციტურია. კომპანიას, რომელიც საქართველოში “ლენდ როვერის”, “იაგუარის”, “ფორდის” და “სუზუკის” მარკის ავტომობილებს აერთიანებს,  სწორედ ავტომობილების დეფიციტიდან გამომდინარე, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაყიდვების 10%-იანი კლება დაუფიქსირდა.

“გასული ორი წლის მსგავსად, წელსაც მთავარ გამოწვევად ნახევრად გამტარი ჩიპების პრობლემა რჩება. ეს ავტომობილების წარმოებას ხელს უშლის, ჩვენ კი ავტომობილები გვჭირდება, რათა მისი რეალიზაცია მოვახდინოთ. ნახევრად გამტარი ჩიპების პრობლემის არსებობას 2022 წლის ბოლომდე ვვარაუდობთ. ამ პრობლემამ ავტომობილების ფასის ზრდაც გამოიწვია.

მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ხოლო ასეთ დროს მწარმოებელი ფასს ზრდის. ავტომობილების მწარმოებელმა ბაზარზე ფასი 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით 3%-ით გაზარდეს და ჩვენც ამდენივეთი მოვუმატეთ", - აღნიშნა თემურ უსტიაშვილმა.

იგივე პრობლემაა “ჯიპ საქართველოშიც”, რომელიც “ფიატის” და “ალფა რომეოს” ბრენდებს აერთიანებს. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, გაყიდვებში 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ავტომობილების მიკრო ჩიპების მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ავტომობილების მიწოდება აქაც შემცირებულია, რაც კომპანიაში ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს.

“მსოფლიოში შექმნილი მიკრო ჩიპების პრობლემებიდან გამომდინარე, პრობლემები მსოფლიოში ბევრ კომპანიას შეექმნა. ავტომობილების შემცირებულმა მოწოდებამ ფასებზეც იმოქმედა.

ფასი 2021 წელს 2020-თან შედარებით დაახლოებით 5%-ით გავზარდეთ, მაშინ, როდესაც იგივე პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ზრდა 5%-დან 10%-მდეა, თუმცა ჩვენ მატებას, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასის შესაბამისად ვერ ვახდენთ, რათა მომხმარებელს ეს მძიმე ტვირთად არ დააწვეს და მათი შენარჩუნება შევძლოთ", - განმარტა ლევან ასანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები