მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაამტკიცა. ბანკის ინფორმაციით, 400 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა. როგორც bm.ge–ს World Bank–ში განუცხადეს, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება საქართველოში.
კერძოდ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით ერთიანად დასაფინანსებლად, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, პირველად ხდება მსოფლიო ბანკის დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში.
„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის, რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
რაც შეეხება თავად პროგრამას, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.
"ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება და ამ გზით ინოვაციური გადაწყვეტების გამოყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პერიოდში, რათა თანმიმდევრულად მოხდეს ადამიანური კაპიტალის შედეგების დაცვა, უთანასწორობის აღმოფხვრა და პანდემიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ მსოფლიო ბანკის ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას და მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
“ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში და ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმების სერვისებში.
მოსალოდნელია, რომ რეფორმები გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალური დახმარების დაფარვას, და ამასთან, უკეთესად მოამზადებს და დააკავშირებს უმუშევარ პირებს დასაქმების შესაძლებლობებთან. პროგრამა მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვის მომსახურების შესყიდვისა და ფასწარმოქმნის რეფორმაში, ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანობისა და თანასწორობის გაუმჯობესებაში, და ასევე, პირველადი ჯანდაცვის, ისევე როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესებაში”,-აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
საგანმანათლებლო რეფორმების მიმართულებით კი, ადამიანური კაპიტალის პროგრამის მთავარი ამოცანაა საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება, რათა მათ შეძლონ მზარდი კომპლექსური პრობლემების დაძლევა, რომელთა წინაშეც
დღეს თანამედროვე საზოგადოება დგას.
სებასტიან მოლინეუსი რამდენიმე მიზეზს ასახელებს იმისას თუ რატომ არის ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი:
"უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებული ყველაზე დიდი მოცულობის ერთიანი ინვესტიცია, რომელიც მსოფლიო ბანკს ოდესმე განუხორციელებია საქართველოში.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ პირველად ვიყენებთ მსოფლიო ბანკის დაფინანსების ფაქტობრივად ახალ ინსტრუმენტს, რომელსაც ეწოდება „პროგრამა შედეგებისთვის“ , რომელიც აფასებს ზემოქმედებას ხელშესახები შედეგების მიღწევის უნარის მიხედვით. დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტი ძირითადად გამოიყენება მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის და ამდენად, მისი საქართველოსთვის გამოყენება არის ქვეყნის იმ მრავალმხრივი წინსვლის დასტური, რომელსაც მან ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
და მესამე მიზეზი თუ რატომ არის ეს პროგრამას განსაკუთრებული, არის ის, რომ თავად მსოფლიო ბანკმა ფაქტიურად პირველად გამოიყენა შედეგების მიღწევაზე დამყარებული ეს დაფინანსების ინსტრუმენტი ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგისთვის, რომელმაც ერთიანად მოიცვა განათლების, სოციალური დაცვის და ასევე ჯანდაცვის რეფორმები."




























