მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმმართველობებში საჯარო ფინანსების მართვა უფრო გამჭვირვალე გახდა - WB-ის ანგარიში

64410d86df008
BM.GE
20.04.23 14:24
595
ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განახორციელეს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება ქალაქ თბილისსა და ბათუმისთვის, და მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის. დღეს ამ შეფასებების პრეზენტაცია გაიმართა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, 2023 წლის 23 თებერვალს PEFA სამდივნომ დაადასტურა ხარისხის ყველა სტანდარტის შესრულება მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და გასცა “PEFA CHECK” დასკვნა.

“ევროკავშირის დაფინანსებულმა პროექტმა შეაჯამა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების მიგნებები 18 ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულისთვის მუნიციპალიტეტების სინთეზურ PEFA ანგარიშში, რომელიც ხაზს უსვამს საჯარო ფინანსების სისტემების ძლიერ და სუსტ მხარეებს. სინთეზური ანგარიში იძლევა მყარ საფუძველს რეკომენდაციების შესამუშავებლად 2023-2026 წლებისთვის საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების გაძლიერების მიზნით. შეფასებაში მონაწილე 18 ადგილობრივი თვითმმართველობაა: თბილისი, ბათუმი, მარტვილი, ახმეტა, ამბროლაური, ბაღდათი, ჩხოროწყუ, ქედა, ხარაგაული, თეთრიწყარო, ხულო, წალენჯიხა, ვანი, დმანისი, ლენტეხი, ტყიბული, ცაგერი და ხელვაჩაური.

სახელმწიფო ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მშპ-ის ხუთ პროცენტზე მეტს შეადგენს და 2022 წლის კონსოლიდირებული სახელმწიფო ხარჯების თითქმის ერთი მეხუთედია. საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულები ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კრიტიკული მნიშვნელობის სერვისებზე, რომლებიც მოიცავს სკოლამდელ განათლებას, საბინაო და კომუნალურ მომსახურებას. PEFA აფასებს საჯარო ფინანსების მართვის სისტემებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში და ქალაქებში იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება.

PEFA მეთოდოლოგია შემუშავებულია გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ საერთაშორისო სტანდარტების და კარგი პრაქტიკის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 770 შეფასება განხორციელდა 155 ქვეყანაში. შეფასება მიმოიხილავს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობის შვიდ კომპონენტს, ესენია: ბიუჯეტის საიმედოობა; საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა; პროგნოზირებადობა და კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაში; აღრიცხვა და ანგარიშგება; და გარე შესწავლა და აუდიტი. აღნიშნული კომპონენტები ფასდება 31 ინდიკატორის გამოყენებით, რომლებიც 95 განზომილებას შეიცავს.

2022 წელს საქართველოს ეროვნულმა PEFA შეფასებამ აჩვენა, რომ ქვეყანამ გააუმჯობესა საჯარო ფინანსების მართვის სისტემა 2018 წელთან შედარებით. 59 ქვეყნის მაჩვენებლებთან შედარებისას, რომლებმაც თავიანთი შეფასება 2016 წლის PEFA მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელეს, საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდა 2022 წლის PEFA გლობალურ ანგარიშში. 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევამ, რომელიც საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ განხორციელდა, საქართველოს ასევე პირველი ადგილი მიანიჭა 120 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის ან ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით.

საჯარო ფინანსების მართვის სისტემები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ასახავს ეროვნულ დონეზე მიღწეულ პროგრესსაც. 2022 წლის PEFA შეფასებები თბილისის, ბათუმის და მარტვილისთვის ასევე ზოგადად გაუმჯობესდა 2018 წელთან შედარებით. PEFA მუნიციპალიტეტის სინთეზური ანგარიშის ანალიზი აჩვენებს წინსვლას, რომელიც მიღწეულ იქნა ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა (თუმცა, საჯარო კონსულტაციები ბიუჯეტის შესახებ საჭიროებს გაუმჯობესებას); აქტივების და ვალდებულებების მართვა; პოლიტიკაზე დაფუძნებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტის შედგენა; პროგნოზირებადობა და კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაში; აღრიცხვა და ანგარიშგება, გარდა აუდიტისთვის წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენის გაუმჯობესებისა. წარმატებული სფეროები მოიცავს ბიუჯეტის აუდიტს და საიმედოობის შესწავლას მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა სავარაუდოდ გავლენა იქონია ბიუჯეტის საიმედოობაზე.

ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი შეფასების განხორციელების პროცესში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან მარტვილის მუნიციპალიტეტს და თბილისის და ბათუმის შესაბამის უწყებებს, ისევე როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები