მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი გამოწვევა სამსახურის გაცდენები და ავადმყოფობასთან დაკავშირებული საეჭვო სამედიცინო ცნობებია" - "საქნახშირი"

61050db877933
ინგა მურუსიძე
02.08.21 09:00
798
"საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი დღეს მთავარ გამოწვევად თანამშრომლების მხრიდან სამსახურის გაცდენებს და ავადმყოფობასთან დაკავშირებული საეჭვო სამედიცინო ცნობებს ასახელებს.

მან Forbes-კვირასთან ინტერვიუში ანაზღაურების საკითხზეც ისაუბრა. როგორც სოცკი ამბობს, კომპანიაში ახალი მენეჯმენტის მისვლისას ყველა მეშახტე იღებდა ხელფასს, განურჩევლად იმისა, რამდენი იყო მათი ნამუშევარი, სრულდებოდა თუ არა მათი მხრიდან გეგმა, მოდიოდნენ თუ არა საერთოდ სამუშაოზე.

"როგორც გინდა ისე უწოდეთ, შეიძლება პენსიაც დავარქვათ. გერმანული კომპანია გვიკეთებდა შრომის ანაზღაურების პროცესის მონიტორინგს და მე მათთან საკმაოდ დიდი ხნის განხილვები მქონდა. განვიხილავდით არის თუ არა შესაძლებელი წამახალისებელი ეფექტის შემოტანა, დასაქმებულებს რომ მიეღოთ არა უბრალოდ ფული, არამედ ნამუშევრის ანაზღაურება.

გერმანელები პირველ ეტაპზე საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, თუმცა სამუშაოს პროცესში მე მათი დარწმუნება შევძელი, რომ ეს იქნებოდა ერთი მხრივ, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, წარმადობაც გაიზრდებოდა. გერმანელები ფიქრობდნენ, რომ დასაქმებულები მეტი ანაზღაურების მისაღებად უსაფრთხოების ზომებს აღარ დაიცავდნენ და არსებული სისტემის შემთხვევაში მე მათ აზრს ვიზიარებდი, თუმცა როცა ჩვენ გადმოვიბარეთ მენეჯმენტი, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი - ვიხდით ანაზღაურებას კონკეტული პირობებით მუშაობის შემთხვევაში“, - განაცხადა სოცკიმ.

მისი განმარტებით, ეს გულისხმობდა იმას, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების ნორმის უგულებელყოფა მათ ანაზღაურებაზე უარყოფითად აისახებოდა, ხოლო ამ პრინციპის უმკაცრესი დაცვა ამ სქემის ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს.

„ორწელიწადნახევარია რაც ჩვენ ამ სისტემას ეტაპობრივად ვნერგავთ. უსაფრთხოების ზომები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც არასოდეს გადავუხვევთ და მიუხედავდა იმისა, რომ ამ სისტემის დანერგვას პირველ ეტაპზე მოჰყვა პროტესტი, ხმაური, ეს არის საკითხი, რომელიც არ იცვლება. როგორც გითხარით ეტაპობრივად დავიწყეთ ამ სისტემის დანერგვა და დასაქმებულთა ის ნაწილი, რომელიც ამ ფორმით იღებს ხელფასს, არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავს. დასაწყისში საბონუსე ანაზღაურებაც ავამოქმედეთ, რომ დასაქმებულები გადაგვეზღვია, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ დანამატს ყველა მიიღებდა. კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძელზეც დამატებითი ანაზღაურება გაიცემოდა, წინასწარ იყო გაწერილი და დასაქმებულებთან შეთანხმებული.

მათ შორის აქაც ნომერ პირველი წესი იყო შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, მეორე სამსახურის გაცდენა. დღევანდელ ჩვენს გამოწვევებში სამსახურის გაცდენებია და ავადმყოფობასთან დაკავშირებული საეჭვო სამედიცინო ცნობები. მომდევნო 2-3 თვეში მე შევეცდები, რომ დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილიც, ვინც ამ სქემით ჯერ არ იღებს ხელფასს, ანაზღაურების ასეთ სისტემაზე გადავიყვანო, რაც ადამიანებს რეალურად მეტის გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს მუშაობს და სულ ცოტა ხნის წინ გარკვეული პროტესტი იმის გამო იყო, რომ დასაქმებულები ამ სქემით ანაზღაურებად სისტემაში მუშაობას ითხოვდნენ. მე მათთან კომუნიკაციისას მივეცი პირობა, რომ 2-3 თვეში დავასრულებ მიმდინარე საკითხებს და ცვლილებები მათთანაც დაიწყება“, - განაცხადა სოცკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები