საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ამ 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა, როგორც ბრიუსელში, ასევე ქვეყნის შიგნით კონსტრუქციულად უნდა დაიწყონ.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ მოგვენიჭა, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და უკან დახევა არ იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი ჩვენგან მოითხოვს, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსნი ვიყოთ.
ჩვენ წლის ბოლო კანდიდატის სტატუსი იმ შემთხვევაში მოგვენიჭება, თუკი 12 მთავარ რეკომენდაციას შევასრულებთ. ამაზე მუშაობა ბრიუსელში უნდა დაიწყოს და მე ველი, რომ საქართველოდან წავიდნენ <ხელისუფლების> წარმომადგენლები, რათა კომისიასთან ამ პუნქტების ნაწილის შესრულების დეტალები გაარკვიონ;
ამასთან, მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ როდესაც 6 თვე გვაქვს სამუშაო, სრულიად გაუგებარია, რატომ არ უნდა დავიწყოთ მუშაობა ახლავე. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, პლენარულ სხდომასა თუ კომიტეტებში თუ უმრავლესობის მიერ წარდგენილ ჯგუფებში მუშაობას. რომელიმეზე უარის თქმა არ გამოვა, თუ რეალურად გვინდა მივაღწიოთ იმას, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს.
ერთად მუშაობა და იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ცალ-ცალკე არ ხდება. აქ, უმრავლესობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ მთავარი ბერკეტები პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში უმრავლესობას აქვს, მათ ხელშია ამ კანდიდატურის მიღწევა; ამასთან, ამას კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება და კიდევე ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირის მიმართ ბრალდებების გაჟღერებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და დაპირისპირებას, რომელიც შიდა და საერთაშორისო პლატფორმებზე ხდება, პინგ-პონგი უწოდა.
„ერთმანეთთან ჭიდილი არამხოლოდ შიგნით, არამედ გარეთაცაა და მე მომისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, რომ ზოგჯერ სჯობს, რომ პასუხი არ იყოს და ჩვენ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმატში უნდა გადავიყვანოთ. მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს - ეს მიუღებელია. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა დაგვანახონ, რომ მხარს უჭერენ იმ რთულ პროცესს, რომელიც კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




























