მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მტკვარი ჰესის" მშენებლობა $100 მლნ-ით გაძვირდა, ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან - "თანაინვესტირების ფონდის" განცხადება

64abea0e122d6
შოთა ტყეშელაშვილი
10.07.23 15:22
1628
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, ბრალი დამძიმდეს, საქმე “თანაინვესტირების ფონდის” პროექტ “მტკვარი ჰესს” შეეხება. ბიძინა ივანიშვილის იურისტის, თემო წიქვაძის განცხადებით, საქმე პროექტის გაჭიანურებას და მისი ბიუჯეტის $100 მილიონით გაზრდას შეეხება, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მოხდა დიდძალი ოდენობით თანხების არამიზნობრივად გახარჯვა და გაფლანგვა.

ექსპრემიერის ადვოკატის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა თავად თანაინვესტირების ფონდიც, სადაც აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მასალები უკვე პროკურატურას მიაწოდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების პროექტ "მტკვარი ჰესის" ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას,”- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადება მტკვარი ჰესთან დაკავშირებით:

“2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი - მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.

პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტიურად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში.

ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ აცდებოდა.

სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტიურად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა.

ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა მტკვარის ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით", - აცხადებს ადვოკატი.

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდის თანახმად, “მტკვარი ჰესის” დადგმული სიმძლავრე 54 მეგავატია.

ადვოკატის განცხადება სრულად

ცნობისთვის, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები