ე.წ. "მწვანე პასპორტების" კონცეფცია უკვე დამუშავებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, როდის და რა პირობებით ამოქმედდება ახალი მექანიზმი, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპი უნდა გაზარდოს.
„მწვანე პასპორტზე" მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია უკვე დამუშავებულია და ის ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვების შემთხვევაში. ამის პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა გაფართოვდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ "მწვანე საშვის" პრინციპი უკვე გამოყენებული იყო დიდ კონფერენციებზე და ა.შ. თუმცა ის უნდა გაფართოვდეს.
აქვე ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ თუ არა NCDC-ს ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის წამახალისებლად ან კიდევ უფრო მეტი ღონისძიება უნდა დაიგეგმოს, ან შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის წასახალისებლად საჭიროა ისევ ინდივიდუალურ დონეზე საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება და რესურსი, რომელიც დარჩენილია ქვეყანაში, ეს არის ე.წ. "მწვანე საშვის" აქტიურად გაფართოება.
„ახალი ველოსიპედის გამოყენება ნამდვილად არ გვჭირდება. არაპირდაპირი ზემოქმედების მექანიზმი ვაქცინაციის გასაზრდელად ნამდვილად არის "მწვანე საშვის" მექანიზმი, რომელსაც სჭირდება ტექნიკური აღჭურვის ნაწილი; ვფიქრობ, ეს სისტემა მოკლე ხანში მზად იქნება გასაშვებად. მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ პირი, რომელიც ხალხმრავალ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, იყოს უსაფრთხო და აირჩიოს შესაბამისი გზა, მათ შორის ვაქცინაცია, ტესტის ჩატარება და ა.შ.“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება იმას, თუ სად იქნება გამოყენებული "მწვანე პასპორტები", მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს დიდი კონფერენციები, სასურსათო მაღაზიები და ა.შ. - "სია ჯერ ეს დაზუსტებული არ არის".
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საკითხზე გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს.
ინფორმაციისთვის, ბიზნესი მთავრობას "მწვანე პასპორტების" დროულად შემოღებას სთხოვს.




























