მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე საშვის" ამოქმედების წინააღმდეგი პრემიერია? - თამარ გაბუნიას პასუხი

6183a0bb1289a
ინგა მურუსიძე
04.11.21 13:00
2079
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე საშვის“ კონცეფციას ყველა იზიარებს. ასე უპასუხა მან bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ, თუ ვის ვერ არწმუნებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მთავრობიდან, რომ საშვი დროულად დაინერგოს.

საქმე ის არის, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ „მწვანე საშვის“ დასანერგად ტექნიკურად ყველაფერი მზად არის, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

დღეს ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, არის თუ არა პრემიერი ის ადამიანი, ვინც „მწვანე საშვის“ დანერგვის წინააღმდეგია და ამას ხელს უშლის, თამარ გაბუნია პირდაპირ არ პასუხობს:

„მწვანე საშვის“ კონცეფციას იზიარებს ყველა. მე ნაკლებად წარმომიდგენია რაიმე მიზეზი, რის გამოც კონცეფციაზე ვინმემ უარი თქვას, მთავარია, რომ როცა დაიწყება მწვანე საშვის მოქმედება, მაშინვე არ მოხდეს მისი დისკრედიტაცია. პოლიტიკური გადაწყვეტილება ხშირად ემყარება ყველა მხარის პოზიციას და იმას, თუ რამდენად იქნება ეს სიკეთის მომტანი და არა პირიქით, უკურეაქციის მომტანი.

ამას კიდევ სჭირდება დამატებითი მსჯელობა. ტექნიკური მზაობა ნამდვილად გვაქვს, რადგან სისტემა არის გამართული, ბაზა მუშაობს, ამას დამატებით ახალი არაფერი სჭირდება, სმარტფონი ან ქაღალდი საკმარისი დოკუმენტია და ა.შ. ახლა საუბარია იმაზე, თუ როდის აჯობებს მექანიზმის გაშვება. ძალიან მცირე დეტალებია დასაზუსტებელი და ვფიქრობ, მოკლე ხანში ეს დეტალები დაზუსტდება“, - ამბობს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება თავად მექანიზმის ეფექტს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი.

„თუ ეს მექანიზმი ამოქმედდა, რა თქმა უნდა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცეს როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს, რომ მათ აცრის გადაწყვეტილება მიიღონ. საჭიროა გარდამავალი პერიოდი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და იმის მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი ეს ამოქმედდება, ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 ათას აცრას. ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმისთვის, რომ სტიმული მიიღონ ადამიანებმა, ვინც აქამდე ვაქცინაცია ვერ გადაწყვიტეს. სხვა დანარჩენი, რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი ასევე უნდა გაგრძელდეს. რა იქნება მწვანე საშვის შედეგი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება ვაქცინაციის სტიმულირების“, - აღნიშნა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები