მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხოლოდ ტექნიკა არ წყვეტს გამარჯვებას" - ერევნის მუნიციპალურ პარკს "თეგეტა მოტორსი' განაახლებს

62938870c5874
ელენე გოგბერაშვილი
29.05.22 22:00
1132
ერევნის მუნიციპალური პარკი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ამიერკავკასიის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის ლიდერი ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გახდა. ხელშეკრულებას მხარეებს შორის 2022 წლის 6 მაისს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სომხეთის დედაქალაქს, პირველ ეტაპზე, MAN-ის ბრენდის 100-მდე ერთეული ავტობუსი შეემატება.

როგორც ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორი "Forbes კვირა"-ში აცხადებს, ეს არ არის პირველი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მათი კომპანია მონაწილეობდა.

„2016 წლიდან ჯგუფს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ტენდერების მიმართულებით, თუმცა საზღვრებს გარეთ ანალოგიური ხელშეკრულება პირველად დავდეთ, რომელსაც მოვემსახურებით არა საქართველოში, არამედ ადგილზე, სომხეთში, ერევანში.

ჩვენმა გამოცდილებამ 2016 წლიდან ნათლად დაგვანახა, თუ რას აქცევენ შემსყიდველები, საერთაშორისო დონორები ყურადღებას, როცა ირჩევენ გამარჯვებულს. ჩვენ წარმოვადგენდით ნომერ პირველ გერმანულ ავტომწარმოებელს, რაც იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი. საქართველოს მაგალითზეც შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ტექნიკა არ წყვეტს გამარჯვებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ნაწილები, საგარანტიო მომსახურება... თან კონკრეტულად ამ ტენდერში ჩვენ არ ვახდენთ მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას, არამედ ვალდებულებას ვიღებთ, რომ კვალიფიკაცია ავამაღლოთ ხელოსნების, მძღოლების,“-აცხადებს პაპიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორის შეფასებით, EBRD-ს ერთ-ერთი გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასება აქვს, რომელიც არ ითვალისწინებს მხოლოდ ფასით გამარჯვებას, არამედ მასში ხარისხის  და მოწოდების კომპონენტებიც არის შესული.

როგორც ირაკლი პაპიაშვილმა აღნიშნა, ტენდერი ორეტაპიანი იყო. ერთმანეთის პარალელურად იყო გამოცხადებული შესყიდვა როგორც ევრო-5, ისე ევრო-6 სტანდარტის ავტობუსებზე.

„ევრო-5 ზე იყო მაღალი კონკურენცია, ერთდროულად 4-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის თვითონ მწარმოებლები. ევრო 6-ის ლოტზე მონაწილეობდა „თეგეტა მოტორსი“, ასევე რუსული და ჩინური ქარხნები, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ევროპულები,“-აცხადებს პაპიაშვილი.

ავტობუსების გადაცემის პროცესი 2022 წლის ბოლოდან დაიწყება და 2022-23 წლების პერიოდში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. შედეგად ერევნის მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გაფართოვდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა. „თეგეტა ჰოლდინგი“ სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიას, რომლის პორტფელშიც 20-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, უკვე აქვს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. „თეგეტა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ის და სხვა ევროპული ბრენდების 500-მდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები