მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესის პროექტი გამართული იყო" - USAID-ის ენერგეტიკული პროექტის დირექტორი

6172891c918df
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.21 14:52
1658
საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორი დენიელ პოტაში Forbes Talks-ის ეთერში საუბრისას ამბობს, რომ ნამახვანჰესის პროექტი კარგად იყო მომზადებული და მისი ინვესტორი - ENKA-ც სახელმწიფომ გამჭვირვალე კონკურსის შედეგად შეარჩია, თუმცა ფაქტმა, რომ პროექტის განვითარება შეჩერდა, მომავალში სხვა ინვესტორებიც შეიძლება დააფრთხოს, რომელთაც ქვეყანაში მსხვილი და კაპიტალტევადი პროექტების განხორცეიელება სურდათ.

ამასთანავე, პოტაში საუბრობს თავად USAID-ის განახლებადი ენერგიის პროგრამაზეც და აღნიშნავს, რომ ამ პროგრამას შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებულ სტრატეგიულ კომუნიკაციაში.

“დიახ, ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს - მათ, ვინც საქართველოში ფიქრობს გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციების განხორციელებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი - როგორც მე შევისწავლე ეს პროექტი - ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული, მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული - ღია, კონკურენტული ტენდერის საფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე და შემდეგ 3 კომპანიით "შორთლისტში". კარგი კომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა.

ვფიქრობ, ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველი აქვს.  ასევე, ვფიქრობ რომ თემთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდ კმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავა გასცდა უკვე იმ დავას - ნამახვანი კარგი პროექტია თუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი და სამართლიანი.

ვფიქრობ, ჩვენი პროექტი შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისითაც, როგორც ნამახვანის ისე სხვა პროექტებთან მიმართებით. ამ ტიპის კომუნიკაცია აგებულია ნდობაზე. ნდობა კი ეფუძნება კომუნიკაციასა და პატივისცემას. გარე თვალისთვის - დიახ, შესაძლოა სულ იყვნენ დავაში ჩართული მხარეები, რომლებიც ცდილობენ დავაში სრულიად არალეგიტიმური მიზნებით ჩართვას - ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევძლოთ დებატი მთავარ თემაზე ფოკუსირებული დარჩეს და ამოსავალი იყოს, რა არის საუკეთესო შედეგი საქართველოსთვის,”- ამბობს დენიელ პოტაში.

2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევების და ფორს-მაჟორული ვითარების გამო, $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წვყეტს და მთავრობასთან არსებულ ხელშეკრულებას მოშლის. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მრავალთვიან პროტესტს მოჰყვა.

გაჩერებულია ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰესის პროექტიც. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად პროექტის “ინვესტორთან” Trans Electrica BVI-სთან ხელშეკრულების შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.

თითქმის შეჩერებულია “ნენსკრაჰესის” ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. სწორედ EIB-ის, ADB-ის და EBRD-ის სესხებია აუცილებელი, რათა პროექტი აშენდეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები