თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰესთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან ყველანაირი დიალოგი ამოწურულია.
„დღეს დასრულდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ მათთან დავმსხდარიყავით და მოჩვენებითი დიალოგი გაგვემართა. ამიტომ ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო:
კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც რიონის ხეობის გადაცემას კერძო საკუთრებაში გულისხმობს, ზოგადად გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია კომპანიასთან დაკავშირებით 2015 წლიდან დღემდე. ასევე მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ ის აზრი, რომელიც თქვენ, საზოგადოებას გაქვთ, იქნას გათვალისწინებული, ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამაში უნდა იყოს ჩვენი ჩართულობა, ვინაიდან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს ყველას გვეხება.
პაუზა არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა განვითარების ნაწილში, იმიტომ რომ ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატსაათების გაყიდვას ქვეყანაში, ვართ დესტრუქციული ძალა და არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს. ეს ასე არ არის.
ასევე, ვითხოვთ რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. ამასთან, ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან ქუთაისში მუნიციპალიტეტის შენობაში გააკეთა. გვაბრალებენ, რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით დიალოგზე, თუმცა, თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან. შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში, აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არამარტო ნათია თურნავას, არამედ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს აწერს ამ დოკუმენტებს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე განცხადებით, ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას, ვერავინ შეძლებს გადაადგილებას. ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდევ დაგვემატონ. მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე", - განაცხადა გოლეთიანმა.