მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატო" კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა - ღარიბაშვილი

6478c2c717dd8
BM.GE
01.06.23 20:00
1000
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებს შეეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის "ნატოში" გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“: „ერთ-ერთი მიზეზი იყო "ნატო", "ნატოს" გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებაზე ღარიბაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ომის დაწყებაში "ნატო" არ დაუდანაშაულებია, არამედ თქვა, რომ ომი უკრაინის სურვილის გამო მოხდა. პრემიერის თქმით, აღნიშნული არის "კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს".

"რადგანაც მკითხეთ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ თქვენ ყოფილი და მოქმედი ევროპელი ლიდერების გამონათქვამებს. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე თუ მესამე დრეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, იგივე დარბაზში თუ არ ვცდები, ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი, და თქვა, რომ უკრაინა იმის გამო ისჯება, თუ როგორც იყო, მე არ მინდა დავამახინჯო მისი ნათქვამი. ევროპული არჩევანის გამო თურმე მოხდა ეს ომი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას. აქ ახალი არაფერი არ თქმულა. მე რა თქმა უნდა, ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო, თუმცა მე მავნებელი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან მე არაფერი არ მიკვირს. საერთოდ არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, ისინი რას იტყვიან. მე მაინტერესებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და ჩვენიო ხალხის ინტერესები. მით უმეტეს, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგია მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები