მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოსტე“ ₾15 მილიონის ინვესტიციით წარმოებას აფართოებს - გეგმები

61dd902890668
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.22 09:45
2357
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgian Poultry Production (GPP), რომელიც ბაზარზე „ნოსტეს“ ბრენდით პოზიციონირებს, 2022 წელს 15 მლნ ლარის ინვესტიციით წარმადობის გაორმაგებას და სარეალიზაციო ობიექტების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა უთხრა.

მისი შეფასებით, გამოწვევების მიუხედავად 2021 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო და მათ ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა მიწოდებას, დაახლოებით, 30%-ით აღემატებოდა. აქედან გამომდინარე „ჯი პი პიმ“ 2022 წელს საწარმოო მოცულობების გაზრდა გადაწყვიტა.

„2022 წელს იგეგმება ფერმების გაორმაგება, რაც ჯამში წლიურ წარმადობას 3 ათასი ტონით გაზრდის და შესაბამისად, „ნოსტეს წარმოება ადგილობრივ ბაზარს წელიწადში 6 ათასი ტონა ქათმის ხორცპროდუქტებით მოამარაგებს. შესაბამისად, 2022 წელს სიახლეებით და უკეთესი წლის მოლოდინით ვხვდებით.

ამასთან, იგეგმება დამატებითი მაღაზიების გახსნა, რითაც ამ ეტაპზე აუთვისებელ უბნებს ავითვისებთ, რათა „ნოსტეს“ პროდუქცია ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, წლის დასაწყისში კომპანია ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნას გეგმავს, სადაც „ნოსტეს“ პროდუქციის გარდა, მომხმარებელს მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციის ფართო არჩევანი დახვდება.

კომპანიის მიერ 2022 წელს დასახული გეგმებიდან გამომდინარე კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება“, - უთხრა BM.GE-ს გიორგი ფირცხალაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ Georgian Poultry Production-მა ქათმის ხორცპროდუქტების რეალიზება "ნოსტეს" ბრენდით 2020 წელს დაიწყო. კომპანიამ საწყის ეტაპზე ბიზნესის განვითარებისთვის 20 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად, თბილისში დღეისთვის „ნოსტეს“ ბრენდის 40-ზე მეტი მაღაზია მოქმედებს; კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 300-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები