მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოსტე" - 20 მლნ ლარის ინვესტიციით ბაზარზე ქათმის ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი გამოჩნდა

5fc7b34f3097c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 23:10
9071
კასპის რაიონში სოფელ ზემო ჩოჩეთში არსებული ქათმის ფერმა კომპანია „ჯი პი პი“-მ 20 მლნ ლარის ინვესტიციით გააფართოვა და განავითარა, შედეგად კი, ბაზარზე ქათმის პროდუქტების ახალი ბრენდი „ნოსტე“ გამოჩნდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფირცხალაიშვილი BM.GE-ისთან ყვება, რომ კომპანია „ჯი პი პი“ 2018 წელს დაარსდა, თუმცა ფერმის ამოქმედების იდეა ორი წლით ადრე გაჩნდა.

„საქართველოს ბაზარზე ქათმის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ადგილობრივი რესურსი არასაკმარისია, ამიტომ გადავწყვიტეთ მეფრინველეობაში ინვესტირება. კასპის რაიონში მოქმედ ფერმასთან საერთო ძალისხმევით მეურნეობა გავაფართოვეთ და კომპლექსური საწარმო შევქმენით, რომელიც ქათმის ხორცის წარმოების სრულ ციკლს მოიცავს“, - განაცხადა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

დღეს ფერმის სამეურნეო პროცესი ოთხ ლოკაციაზე 32 ჰა-ზეა განაწილებული. მეფრინველეობა წლიურად 8 მლნ-მდე კვერცხს აწარმოებს, საიდანაც 2 მლნ-მდე ფრთა ბროილერის ქათამია, რაც წლიურად, დაახლოებით, 3 000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას გულისხმობს.

„მეურნეობის გაფართოებისა და განვითარებისთვის 20 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოს ბანკისგან, ასევე სახელმწიფო პროგრამებით მივიღეთ. "შეღავათიანი აგრო-კრედიტით" - 1.5 მლნ ლარი, ხოლო “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით - 5 მლნ ლარის თანადაფინანსება მივიღეთ. დასაქმებულთა რაოდენობა 200 ადამიანს აღწევს, საიდანაც უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია”, - აცხადებს „ჯი პი პის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ ფერმის ამოქმედება გაცილებით ადრე იგეგმებოდა.

„ფერმის გახსნა ზაფხულამდე იყო დაგეგმილი, თუმცა მშენებლობის პროცესებმა გრაფიკის ცვლილება გამოიწვია და ზუსტად პანდემიის დროს მოგვიხდა ბაზარზე შესვლა. ასეთ გარემო-პირობებში ახალი პროდუქტის სახელის დამკვიდრება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, ამ გამოწვევას კარგად გავუმკლავდით”, - აცხადებს ფირცხალაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღეს კომპანია „ჯი პი პი“ წარმოებულ პროდუქტს მომხმარებელს „ნოსტე“-ს სახელწოდებით სთავაზობს, რისთვისაც თბილისის მასშტაბით საფირმო მაღაზიები გაიხსნა.

„ნოსტე“-ს ნედლი პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვენსავე საფირმო მაღაზიებში. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით, 20-მდე ობიექტი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინულ პროდუქციას სხვადასხვა ქსელურ მარკეტებშიც შეხვდებით”, - აღნიშნა გიორგი ფირცხალაიშვილმა.



ადგილობრივი ბაზრის შემდეგ კი, კომპანია პროდუქციის ექსპორტს რეგიონის ქვეყნებში გეგმავს.

„ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და მოსახლეობის მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფაა, თუმცა წარმადობა გვაძლევს საშუალებას, რომ ექსპორტზეც ვიმუშაოთ. ამ ეტაპზე კომპანიას წიწილები ექსპორტზე სომხეთში გაჰყავს, სადაც თვიურად დაახლოებით 350 000 ცალი წიწილა რეალიზდება. სამომავლოდ კი, გაყინული პროდუქციის ექსპორტის განვითარებას მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ვფიქრობთ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა „ჯი პი პის“ დირექტორმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები