"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ნაადრევად მიიჩნევს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღოს. "განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!"-ამბობს ბიზნესმენი.
"ტურიზმი რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე, ქვეყანას სხვა შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ადამიანები შესაძლებელია გაექცნენ პუტინის რეჟიმს და ჩამოვიდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება ექსტრემალურად ადრეა, განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!",-აცხადებს თემურ ჭყონია.
რუსი ვიზიტორებისთვის ვიზების და ტურისტული გადასახადის დაწესებას ითხოვს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის პარტია "დროა". მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზე, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში მიმდინარე წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.