მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელენე ხოშტარიას პარტია რუსი ვიზიტორებისთვის 3-კვირიანი ვიზების და ტურისტული გადასახადის დაწესებას ითხოვს

62fb6985375cb
თამთა ჯიჯავაძე
16.08.22 13:54
1665
ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ რუსი ვიზიტორებისთვის სამკვირიანი ვიზების და ტურისტული გადასახადის დაწესებას ითხოვს. როგორც ელენე ხოშტარიას პარტიის მიერ გავრცელებულ ხედვაშია აღნიშნული, რუსეთიდან შემოსული ტურისტები დაბალი მხარჯველობითი უნარის არიან. დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა კი აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს საქართველოში. "საქართველო არ არის მასობრივი ტურიზმის ქვეყანა. ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას და ნიშური ტურიზმის განვითარება. რუსი ტურისტისთვის მისაღები ტურისტული ინფრასტურქტურა და პროდუქტები მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისათვის", - აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, "დროას" ხედვის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზე, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ოცნებას რუსეთის არც ერთი აგენტი არ გამოუვლენია. ამ ფონზე, ცხადია, რომ ტურისტული საფარით ჩვენს ქვეყანაში რუსეთის უამრავი აგენტი და პროვოკატორი შემოდის. შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალების ქიმიური იარაღით მოწამვლის ავტორები, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები: რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრე პეტროვი ბრიტანეთში სწორედ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია პარტიის ხედვაში.

გარდა ამისა, "დროაში" აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს რუსეთის მოქალაქეების „ღირსების“ დაცვის არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომაც გადასადგმელია რიგი ნაბიჯები. კერძოდ, ელენე ხოშტარიას პარტიის მიხედვით, გამოსავალი შემდეგია:

„1. სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის - სასაზღვრო კონტროლის, რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირების აღრიცხვისა და მონიტორინგის, მათი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაწესდეს მაქსიმუმ სამკვირიანი ტურისტული ვიზა, რომელიც შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის შემოშვებას, რუსეთის მოქალაქეების კონტროლს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში. თუმცა, არსებული გამოცდილებით, ისინი კომპანიებს არეგისტრირებენ. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის იურიდიული პირების რეგისტრაცია, რაც ხელს არ უშლის ტურიზმს, მაგრამ იცავს ქვეყანას რუსული ფინანსების უკონტროლო შემოდინებისაგან.

3. კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ პირებს არ ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს უძრავი ქონების რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეებზე, რაც არავითარ კავშირში არ არის ტურიზმის ინდუსტრიასთან.

4. ბინადრობის უფლების შეზღუდვა - აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, რაც დააზღვევს რუსეთის მოქალაქეების უვადო, ან ხანგრძლივი ვადით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის რისკს და ამასთან, არ შეამცირებს ტურისტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს.

5. ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის:

- რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო პასპორტისა და რუსეთის შიდა პასპორტის (პირადობის მოწმობის) შემოწმების საფუძველზე საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით, თუკი რუსეთის შიდა პასპორტი არ აღმოჩნდა რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების სამსახურის შიდა პასპორტი (გარდა 18 წლამდე ბავშვებისა რომელთა შემთხვევაშიც გადასახადის დაკისრება მოხდება მხოლოდ საერთაშორისო პასპორტის საფუძველზე);

- თუკი შემოსვლის მსურველ პირს პასპორტთან ერთად რუსეთის შიდა პასპორტის სახით თან აქვს რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, აღნიშნულ პირს და თითოეულ მის თანმხლებ პირს დაეკისროს გადასახადი 100 ლარის ოდენობით, თუკი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება საერთოდ მიეცემათ. თანმხლებ პირად ჩაითვლება ოჯახის წევრი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებაში მასთან ერთად მყოფი მგზავრი.

- თითოეულ რუსული ნომრის სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც არ ეწევა სავაჭრო ტვირთების გადაზიდვას, დაუწესდეს გადასახადი 50 ლარის ოდენობით.

- რუსული საბიუჯეტო სტრუქტურების თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასეთად ამოცნობის შემთხვევაში და მათი საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, დაუწესდეს გადასახადი 200 ლარის ოდენობით.

- ბათუმსა და აჭარის საზღვაო დასახლებებში გადაადგილებისა და პარკირების უფლებისთვის რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანამ უნდა შეიძინოს სპეციალური საშვი, რომლის შეძენაც შესაძლებელი უნდა იყოს მაღაზიებსა და ავტომატური გადახდის აპარატებში. დაწესდეს მაგალითად ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი და ორკვირიანი საშვები. ერთდღიანი საშვი - 10 ლარი, სამდღიანი საშვი - 30 ლარი, ერთკვირიანი საშვი - 50 ლარი, ორკვირიანი საშვი - 100 ლარი. საპატრულო პოლიციას დაევალოს საშვების შემოწმება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ჯარიმამ უნდა შეადგინოს 150 ლარი.

- შემოსული თანხა გადაირიცხოს „სახელმწიფო ფონდში,“ რომლის შემოსავლებიც იქნება გამჭვირვალე და რომელიც ყოველთვიურად თანაბრად გაუნაწილდებათ შემდეგ პირებს:
• აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომის ვეტერანებს
• აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ინდივიდუალურად, ან ოჯახის ერთ წარმომადგენელს ოჯახში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირთა სულადობის მიხედვით;
• საქართველოში 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ (24 თებერვლის დღიდან) შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ საარსებოდ იღებენ თანხას, ფართს ან სხვა სახის შემოწირულებასა თუ მომსახურებას ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციის ან საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირისგან.
2022 წლის ივნისისა და ივლისის თვეების მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინიციატივის შედეგად მიღებული შემოსავალი შესაძლებელია ყოფილიყო მინიმუმ 20 მილიონი ლარი ორი თვის განმავლობაში“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებასთან დაკავშირებით რისკებს ვერ ხედავს. როგორც მან გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უპრეცედენტო ზრდაზე საუბარისთვის აუცილებელია მონაცემების შედარება გასულ წლების შესადარის პერიოდთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები