მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" სებ-ზე პრეზიდენტის და IMF-ის მიერ დაგმობილ კანონს მიუბრუნდა - რა სურს მთავრობას?

6480566b88c66
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.23 14:07
849
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ეროვნული ბანკის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. 11 მაისს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა bm.ge-ის კითხვას პასუხისას განაცხადა, რომ IMF პრეზიდენტის ვეტოს მიესალმებოდა.

რას ითვალისწინებს "ოცნების" კანონი?

"ქართული ოცნების" მიერ თებერვალში შეტანილი კანონპროექტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წესს განსაზღვრავდა ასევე პირველადი ვერსიით, შემოჰქონდა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომლის შედეგად სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების რიცხვი 4-მდე გაიზრდებოდა. ამჟამად სებ-ს 3 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში სებ-ის საბჭოში, რომელიც 9 წევრისგან შედგება, 5 წევრი აღმასრულებელი იქნებოდა (პრეზიდენტი და 4 ვიცე-პრეზიდენტი). შესაბამისად, არააღმასრულებელ წევრთა რიცხვი 4-მდე დაიკლებდა, რაც საბჭოს ბალანსს შეცვლიდა, რადგანაც საუკეთესო პრაქტიკით, მასში უმრავლესობა დამოუკიდებელ წევრებს უნდა ჰქონდეთ.

პირველადი რედაქციით კანონპროექტში ეწერა:

“ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს", - ეწერა პირვანდელ ვერსიაში.

შენიშვნების მიღების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატებმა კანონპროექტში არაერთი ცვლილება შეიტანეს და ახალი ვიცე-პრეზიდენტის დამატების ჩანაწერი კანონპროექტში დარჩა მხოლოდ დათქმული ვადით, რაც ამჟამად არსებულ მდგომარეობას ესადაგებოდა და მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე იმოქმედებდა. სწორედ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი, სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში შეესრულებინა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები:

საბოლოო რედაქციით კანონის ჩანაწერი ასეთია:

“ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ყველა ვიცეპრეზიდენტი და ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.“.

ამ კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცეპრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები,”- ნათქვამია კანონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შენიშვნა "ოცნების" კანონზე:

“არსებობს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მკაფიო არჩევის წესი, რომელიც საოპერაციო პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა. ამასთან, ეროვნული ბანკი კარგ ხელშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მესტვირიშვილის მმართველობის პირობებში. როგორც ჩვენ მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, არაა საჭიროება შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს მივესალმეთ,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა 11 მაისს.

ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს. მას უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბრამდე აქვს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ასევე არიან პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები