მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების ქალაქის“ I ეტაპი სრულდება - აჭარის ბიუჯეტს პროექტი 39 მლნ ლარი დაუჯდა

61f3d9c89a07e
ინგა მურუსიძე
28.01.22 22:30
1658
2020 წლის თებერვალში დაწყებული „ოცნების ქალაქის“ პროექტის პირველი ნაწილის განხორციელება დასასრულს უახლოვდება. როგორც bm.ge-ს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, პროექტის დასრულება ბოლო ფაზაშია და გაზაფხულზე უკვე ექსპლუატაციაში შევა.

პროექტის პირველ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინა აშენდა, ხოლო პროექტის განხორციელება აჭარის მთავრობას 39 მლნ ლარი დაუჯდა. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა, სადაც ე.წ. ქაღალდის ქალაქში ამჟამად მცხოვრები ადამიანები შესახლდებიან.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაც დაიწყო.

„პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქში“ დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.

უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის პროექტირებას განახორციელებს. კომპანია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს მოამზადებს“, - ამბობენ აჭარის მთავრობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები