საქართველოს ხელისუფლების მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი დეკემბრამდე არ მიიღონ, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ელოდებიან, რომ EU-ს რეკომენდაციების ჩამონათვლიდან ამ პუნქტს ამოიღებენ. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე ამ ქმედებას ერთგვარ იაფფასიან ვაჭრობად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს კანონი თავის არსით იმდენად არაფრის მომცემი იყო, რომ ვენეციის კომისიის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
"ეს ისეთ იაფფასიან ვაჭრობას გავს, როგორიც მხოლოდ რუსული ოლიგაქრიული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. თუ ის 12 პუნქტი განხორციელდა, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციაც მოხდება, რადგან თითოეული მათგანი ამას მოიაზრებს, მაგრამ ოლიგარქია გახლავთ ჩვენი სისტემური პრობლემების სათავე და ამიტომ აკეთებენ ისინი ამ ყველაფერზე აქცენტს. კანონი იმიტომ შეაჩერეს, რომ ვენეციის კომისიის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა იმ დონეზე არაფრის მომცემი კანონი იყო", - ამბობს ნინო ევგენიძე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება ევროკავშირს ერთგვარი დილემის წინაშე აყენებს.
"ევროკავშირი თავის მხრივ დილემის წინაშე დგას, რადგან მომავალ წელს ევროკავშირის არჩევნები მოდის და ახლა თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მომავალ წელს ეს კონფიგურაცია რთული იქნება, მათ უნდათ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის ამ ლიდერების მმართველობის პირობებში წინ წაწიონ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ეს ერთგვარი ვაჭრობა, რა თქმა უნდა, სიტუაციას ამძიმებს", - აღნიშნავს ის.