მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების მხრიდან არის მუდმივი ვაჭრობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან - კლდიაშვილი

6496994038b07
მარიამ იზორია
24.06.23 17:09
544
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" [IDFI] აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი BMGTV-ის ეთერში კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებსა და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრობს.

როგორც კლდიაშვილი ამბობს, საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან და ერთადერთი, რაც ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის სჭირდება ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რაც მათ ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

მისივე თქმით, რეკომენდაციებს შორის არის ისეთი დავალებები, რომლებიც მარტივი შესასრულებელია, თუმცა ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს.

„პროცენტულად საქართველოს რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და დათმობაზე წასვლა. სამწუხაროდ, საპირისპიროს ვხედავთ. ხელისუფლების მხრიდან არის მუდმივი ვაჭრობა, შანტაჟი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიურია, ეს არის უნიკალური შანსი, რომლის გაშვებაც ისტორიული დანაშაულია. შეგვიძლია ძალიან მარტივად მივიღოთ ევროკავშირის წევრობა. ხელისუფლებას არავინ ეუბნება, რომ სასწაული გააკეთონ, უბრალოდ გეუბნებიან არ გააფუჭო. ძალიან ბევრი საკითხია, რაც მარტივად შესასრულებელი იყო, ამას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება, რაც მთავრობამ არ გამოიჩინა“ - განმარტავს გიორგი კლდიაშვილი.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირი ანგარიში წარადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანას 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები