მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოქროს შუალედის პოვნა არ არის მარტივი" – გახარია მცხეთაში განაშენიანების მორატორიუმზე

5f5ba5a48c446
თამთა ჯიჯავაძე
11.09.20 20:38
1187
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთელებს განაშენიანების მორატორიუმის საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტის პირობა მისცა.

როგორც პრემიერმა მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მცხეთაში დაწესებული მორატორიუმი რთული და კომპლექსური საკითხია.

„ჩვენ აქ ვისაუბროთ მომავალზე და მორატორიუმს არ შევეხოთ, უბრალოდ არასამართლიანი იქნება. ყველამ იცის, რომ მორატორიუმის ვადა გაგრძელებულია წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ისეთი, რომ დავიცვათ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც საბედნიეროდ მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ მხოლოდ საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა არ არის და საყოველთაო მსოფლიო ფასეულობების მატარებელია. მეორე მხრივ, ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ნორმალურ გარემოში ვერ იცხოვრონ და ცხოვრების განვითარების და წინსვლის პრობლემები შეექმნათ. აი ამ ოქროს შუალედის პოვნა არ არის მარტივი. მე ახლა გპირდებით, რომ ამაზე ადრე თუ მე და დიმიტრი [ხუნდაძე] ვმუშაობდით, ახლა შალვაც [კერესელიძე] დაგვეხმარება ამაში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველანაირ ლოდინს აქვს თავისი ზღვარი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება გონივრულ ვადაში და სწრაფად მორატორიუმის პრობლემა გადაიჭრას ისე, რომ მცხეთელებმა კომფორტულ გარემოში განვითარება შეძლონ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა კერესელიძე წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები