ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია „ეკოვუდი“ მიმდინარე წელს პანდემიამდელი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს. „ეკოვუდის“ კორპორაციული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი სრესელი bm.ge-სთან ამბობს, რომ 2023 წელს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდას, მეტი კადრის გადამზადებას და დასაქმებას აპირებენ.
„2022 წელი წარმატებული იყო, შევძელით და ახალი საწარმო ავამოქმედეთ, რომლის ხარჯზე უნარჩენო წარმოების ხაზი დავნერგეთ. პანდემიამდელი ნიშნულის გამეორება ჯერ ვერ შევძელით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ 2019 წლის ნიშნულს 2023-ში გადავლახავთ.
2022 წელს ყველაზე დიდი პრობლემა ლოჯისტიკური წყვეტა იყო, ეს პროდუქციის მარაგების დაცარიელებას იწვევდა, მუშაობის პროცესს კი აფერხებდა. ახალი საწარმოს დახმარებით დავასაწყობებთ პროდუქციას, გარადა ამისა, აქამდე თუ მხოლოდ გადამუშავებული მასალები შემოგვქონდა, ახლა გადაუმუშავებელსაც შევისყიდით და ახალ საწარმოში გადავამუშავებთ“, - ამბობს ის.
ინფორმაციისთვის: „ეკოვუდი“ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2022 წელს ახალი საწარმო ნატახტარში აამოქმედა. „ეკოვუდმა“ ახალი საწარმოში 15 ადამიანი დაასაქმა.