მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"PCR-ტესტებზე ყველასთვის თანაბარი პირობები უნდა იყოს" - მაია მურაჩაშვილი

603e4eb98eb52
ინგა მურუსიძე
02.03.21 20:50
1067
ტურისტული კომპანიის „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის განცხადებით, სახელმწიფო რაღაცნაირად უნდა ჩაერთოს, რომ PCR-ტესტებთან დაკავშირებით ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში, 4-დან 3 კურორტზე PCR-ტესტის აღება კვლავ შეუძლებელია და უცხოელმა ვიზიტორმა ან - დედაქალაქში ან კურორტთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრში უნდა აიღოს. ერთი კურორტი, სადაც ტესტის აღება შესაძლებელია, მესტიაა, თუმცა როგორც მურაჩაშვილი ამბობს, იქ ტესტის აღება თბილისთან შედარებით სამჯერ ძვირია.

„მესტიაში არის ლაბორატორიაც და საავადმყოფოც, სადაც შეუძლიათ ნაცხის აღება, უბრალოდ მერე ზუგდიდში ხდება გადატანა და საბოლოო პასუხს იქ იგებენ. აქ პრობლემა არის ფასთა სხვაობა. თბილისში PCR-ტესტი 80-130 ლარის ფარგლებში კეთდება, ხოლო გუშინდელი მონაცემებით მესტიაში 250 ლარი გვითხრეს, შემდეგ 200 ლარი, რადგან ეს ინფექციურის ტენდერის ფასია. თუმცა დღევანდელი ინფორმაციით, ცხადდება ახალი ტენდერი და ფასი კიდევ დაიკლებს. თუ საუბარია 250 ლარზე, რომელიც დაახლოებით 80 დოლარია, ეს ძალიან ძვირია. ისედაც ვეძებთ უცხოელ ტურისტებს, რომ სამთო კურორტები რაღაცნაირად მოცოცხლდეს და უკანასკნელი ძალები მოიკრიბოს, რომ შემოსავლები გაუჩნდეს“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში.

მისივე თქმით, თუ ასეთი სხვაობა იქნება თითქმის სამჯერადი ტესტის გაკეთებაში, ტურისტს ვერაფრით ვერ აუხსნი, რატომ უნდა წამოვიდეს მთის კურორტზე, თუკი მხოლოდ ტესტის გაკეთება ასეთი ძვირი დაუჯდება.

„სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები, როგორც თბილისში, ისე ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში. არ უნდა იყოს განსხვავება არც ლაბორატორიების ხელმისაწვდომობასა და არც ტესტების ფასებში. სახელმწიფო რაღაცნაირად უნდა ჩაერთოს, რომ ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები