მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს" - კობახიძე აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე

642dd6c99f2bf
ალა ისპირიანი
06.04.23 00:15
703
"განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით არსებობს ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევა მოხდეს.  

„ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება მომიწევს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება, მოგეხსენებათ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს.

ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრან.

კარგი „ენჯეობის“ გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში. ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი... დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად“,- კგანაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს აღნიშნული მოსამართლეების საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. 

როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები