მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირობები უმჯობესდება" - სააგენტოს პასუხი გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს

60a4c42eaa656
ინგა მურუსიძე
19.05.21 12:01
1210
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ირწმუნებიან, რომ გერმანიის დასაქმების სააგენტო გერმანიაში დასაქმებულ ქართველებთან დაკავშირებით კონკრეტული ზომებია მიღებული პირობების გაუმჯობესებისათვის. საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წავიდა, არაადამიანურ პირობებში იმყოფება. მოქალაქეები თავად ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ყვებიან, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო და ა.შ. აღნიშნულ საკითხზე განცხადება საქართველოს პროფკავშირებმაც გაავრცელა.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს იმ წუხილს რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას, გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.
თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

დღეის მდგომარეობით, ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.

რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან. ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება კი მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთნხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს(დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაახლოებით 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები