მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პლანტაცია" ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს - ინვესტიცია 200 000 ლარია

6391e6e59b3c5
თინათინ ნატმელაძე
08.12.22 22:35
834
ოზურგეთში, კერძოდ სოფელ მელქედურში მდებარე ჩაის საწარმო "პლანტაცია’’, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, ფართოვდება და ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს.

კომპანიის დამფუძნებელმა ლანა ჟღენტმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ საწარმოს ამოქმედებასთან ერთად ნედლეულის ბაზარიც იზრდება.

"საწარმოს მშენებლობას უკვე ერთ თვეში დავიწყებთ, ამისთვის 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციაა საჭირო, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით მოვიზიდეთ, გვინდა, რომ ახალი საწარმო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს. იზრდება ნედლეულის ბაზარიც, აქამდე თუ მხოლოდ ჩვენი 5 ჰექტრის ფართობის პლანტაციიდან ვიღებდით მოსავალს, საწარმოს ამოქმედების შემდეგ სხვა პლანტატორების ნედლეულსაც ჩავიბარებთ და ჩვენს გადამუშავებულ ჩაის ბაზარზე უკვე "პლანტაციას’’ ბრენდის სახელით გავუშვებთ", - განაცხადა ლანა ჟღენტმა.

მისივე ცნობით, პროდუქციის რაოდენობის ზრდაზე მუშაობის პარალელურად "პლანტაცია’’ ექსპორტზე გასასვლელადაც ემზადება და გაზაფხულიდან საწარმოს გვერდით მდებარე ოდა სახლში ტურისტებსაც უმასპინძლებს.

"მოლაპარაკებებს საფრანგეთში ვაწარმოებთ. წაღებული მქონდა ჩემი პროდუქცია და დიდი მოწონება დაიმსახურა, ახლა კიდევ ერთხელ მივდივარ და სატესტო რაოდენობა მიმაქვს, რომ რამდენიმე მარკეტს შევთავაზო. გაზაფხულიდან, როდესაც პროდუქციის რაოდენობაც გაზრდილი გვექნება, ბაზარზეც შევალთ. საწარმოს გვერდით, ოდა სახლში სადეგუსტაციო სივრცე გვაქვს მოწყობილი, სადაც რამდენიმე თვეში უკვე 4-ნომრიანი სასტუმროც იქნება, სადაც 8 სტუმრის განთავსება იქნება შესაძლებელი, ამისთვის წლევანდელი მოსავლიდან მიღებულ მოგებას გამოვიყენებთ,’’ - განმარტავს ლანა ჟღენტი.

"პლანტაციას’’ დამფუძნებელი გვიყვება, რომ ამ წლების განმავლობაში მთავარი სირთულე ნედლეულის რაოდენობის ნაკლებობა იყო, რადგან საწარმო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ამჟამად ერთი კილოგრამი ჩაის საფასური 50 ლარია და მისი თქმით, პროდუქციის ბრენდირების შემდეგ მისი საფასური 10-20 ლარით გაიზრდება, ხოლო საექსპორტო ღირებულება 50-60 ევრო იქნება.

ამჟამად საწარმოში მხოლოდ თავად დამფუძნებელი და ერთი დამხმარე კადრი მუშაობს, ხოლო პლანტაციაში 20-25 ადამიანია დასაქმებული. საწყის ეტაპზე საწარმოს პროექტში 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები