მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პომპეოს ვუთხარით, რომ "ოცნებამ" წინა მთავრობის მახინჯი სასამართლო სისტემა დააკანონა"

5fb4e91ea17c8
ინგა მურუსიძე
18.11.20 13:31
933
"პირადად მე, მაიკ პომპეოს ვუთხარი, რომ წინა მთავრობის დროს მახინჯი სასამართლო სისტემა გვქონდა, რაც ამ მთავრობამ 40 წლით დააკანონა", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის - „უფლებები საქართველო“ წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო სასამართლო. ვთქვით, რომ წინა ხელისუფლების დროს გვქონდა მახინჯი სასამართლო სისტემა და „ქართულმა ოცნებამ“ ეს სისტემა დააკანონა 40-წლიანი პერსპექტივით. ვისაუბრეთ კლანურ და არაფორმალურ მმართველობაზე სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა მან.

წიქარიშვილის ინფორმაციით, მაიკ პომპეომ სამოქალაქო სექტორს სთხოვა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინა და არასამთავრობოებმა რამდენიმე საქმე დაასახელეს, რომელზეც მათი შეფასებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო; ესენია ე.წ. კარტოგრაფების საქმე და „ფილიპ მორისის“ საქმე.

„სახელმწიფო მდივნის და საელჩოს პოზიცია არის, რომ საკითხები და პრობლემები მუდმივად უნდა წამოვწიოთ და მუდმივად უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება. უნდა მოვამზადოთ წინაპირობები, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი სასამართლო სისტემა. როგორც საელჩო, ისე სახელმწიფო დეპარტამენტი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში არსებულ პრობლემებზე, რაც არის სასამართლო სისტემაში და კანონის უზენაესობაში“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

ინფორმაციისთვის: მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პატრიარქს და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები