ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ფასების დარეგულირება საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგოა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას თქვა.
- „პირველადი მოხმარების სურსათს მაღალი მარჟებით ყიდიან და ბიზნესი მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდეს“ - პრემიერ-მინისტრისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ პირველი რა გაიფიქრეთ? რა უნდა მთავრობის მეთაურს?
- პრემიერის ეს სიტყვები როდესაც მოვისმინე, პირველ რიგში, ყურს არ ესიამოვნა, რადგან ფასებში როდესაც ერევა სახელმწიფო, ეს საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგოა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მსყიდველუნარიანი არაა მოქალაქე, მაინც უნდა მივიღოთ ისეთი ფასი, რომ მოსახლეობას აუცილებელი საგნების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს.
- ამას ბიზნესი პრემიერის გარეშე ვერ ხედავს?
- როგორ ვერ ხედავს... აქ საუბარია იმაზე, რომ ფასები დარეგულირდეს და ფასის ზღვარი დააწესოს, რაც მიუღებელია.
- გეგმური ეკონომიკისკენ გვაბრუნებს მთავრობა თუ უბრალოდ, მოსახლეობისთვის გაკეთებული მორიგი პოპულისტური განცხადებაა?
- ვფიქრობ, ფასების დარეგულირება რთული იქნება და არც იქნება სწორი, რადგან ბაზარი თვითონ დაარეგულირებს იმ ფასს, რა ფასიცაა საჭირო.
- ერთ დღესაც, „კოკა-კოლას“ ფასი რომ ეძვიროს პრემიერს და მაღალ ფასნამატზე გააკეთოს განცხადება, რას ეტყოდით?
- ჩვენ დავუმტკიცებდით, რომ ასე არ არის (იღიმის).