"ვფიქრობ, ქართული ბიზნესის ხმა ძალიან მკაფიოდ ისმის", - ასე პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი BMG-ს მიერ დასმულ შეკითხვას ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ბიზნესის როლის შესახებ. დიპლომატის თქმით, საქართველოს აქვს საშუალება, მსოფლიოს უდიდეს და საუკეთესო ბაზარს შეუერთდეს და ამით იხეიროს.
"ვფიქრობ, რომ ქართული ბიზნესის ხმა ძალიან მკაფიოდ ისმის. ცოტა ხნის წინ, ბიზნესასოციაციემა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი ევროკავშირს ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ქართული ბიზნესი საკუთარ მოსაზრებას ქვეყნის ხელისუფლებასაც გააცნობს და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მარტივი მდგომარეობაა, რადგან საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს ყველაზე დიდი და წარმატებული ბაზარს შეუერთდეს. ბიზნესმენი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავწევრიანდებოდი", - ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.
ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ელჩს ვესაუბრეთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე და ვკითხეთ, თუ როგორ უნდა მართოს ხელისუფლებამ პოტენციური რისკები.
"ნებისმიერი რისკის დასაბალანსებლად საუკეთესო გზა ევროკავშირისკენ ნათლად და თავდაჯერებით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე სვლაში მდგომარეობს. ევროკავშირს მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე წარმატებული საერთო ბაზარი აქვს და საქართველოს შეუძლია, მისი წევრი გახდეს. გეპატიჟებით გაწევრიანდეთ და ისარგებლოთ იმ სტაბილურობით, კეთილდღეობითა და თავისუფლებით, რაც მას თან ახლავს", - აღნიშნავს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველ ოთხ თვეში ევროკავშირში ექსპორტი, აბსოლუტურ რიცხვებში გაიზარდა, მაგრამ მთლიან ვაჭრობაში ევროკავშირის წილი 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.