მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი ხალხის ნებას ევროპას გავაგებინებ" - პრეზიდენტი 18 აპრილს ევროპარლამენტს მიმართავს

6426a3edb1dd3
გიგა ბენია
31.03.23 13:14
501
საქართველოს პრეზიდენტი 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართველი ხალხის პოზიციას ევროპას გააგებინებს.

"ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ. პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ, პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული პოზიციების დასაცავად, ის ყველა ტრიბუნას გამოიყენებს.

"ვაპირებ, სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველ ხალხს. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები