„1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება ავიაკომპანია „ვიზეარის“ პირველი ბაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ზრდას მეტი სიხშირითა და მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი“ 8 მიმართულებით ოპერირებს. ქვრივიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზა განთავსდება, „ვიზეარი“ ფრენებს 14 მიმართულებით განახორციელებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის ბაზის განთავსება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავიაციის, არამედ ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით. „ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტში ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. იმერეთის რეგიონში აეროპორტი დასაქმებისთვის საინტერესო ადგილია, ხოლო „ვიზეარი“ კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.