მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა" - რაზეა დამოკიდებული დარგის ამოქმედება

62a878f4d2bb4
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 16:03
1262
ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. ინდუსტრიის ამოქმედება სახელმწიფოს, ხორბლის გადამმუშავებელი ქარხნებისა და პურის მწარმოებლების მოლაპარაკების შედეგებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ BM.GE-სთან ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც მაისში პრემიერ-მინისტრმა მეხორბლეების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების დაწესებას არ აპირებდა, ხორბლის იმპორტიორებმა და გადამმუშავებლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის გადარჩენის გეგმით მიმართეს, რომელიც წისქვილკომბინატების ამოქმედებას, პურის ფასის არგაძვირებას ისახავდა მიზნად. ადგილობრივი წარმოების გაჩერების მიზეზი კი რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟია, რომელიც საქონლის იმპორტს, ფქვილთან შედარებით არარენტაბელურს ხდის. ინდუსტრიის მიმართვის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი წარმოებების ამოქმედება მნიშნელოვანია და საკითხის გადაწყვეტისთვის კერძო სექტორთან მუშაობა გაგრძელდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ხორბლის ახალი მოსავლის აღების პერიოდიც მოდის.

ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დღეს ამბობს, რომ წისქვილკომბინატებმა ხორბლის იმპორტი სრულად შეაჩერეს და ახალი კონტრაქტები არ აქვთ. დარგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პურის მწარმოებლებთან მუდმივ კომუნიკაციაშია და ერთ კვირაში პოზიციების შეჯერებას ელის, რათა გადაწყდეს შეძლებენ თუ არა წისქვილკომბინატები მუშაობის განახლებას.

„დღეს ყველა წისქვილკომბინატი გაჩერებულია და ხორბლის იმპორტი და ფქვილის წარმოება აღარ ხორციელდება. დღეისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივ კომუნიკაციის პროცესში ვართ და ვსაუბრობთ იმ დეტალებზე, რომლითაც ფქვილის მწარმოებლები ამოქმედებას შეძლებენ. ეს არის პურის მწარმოებლებისთვის თვეში 10 000 ტონა ხორბლის გარანტირებულ ფასად მიწოდება და ასევე ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადის დაწესებაა, რომლის შემოღება გარდამავალ პერიოდში, დაახლოებით, 1 აგვისტოსთვის იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე საუბარი მიმდინარეობს პურის მწარმოებლებთან, რათა ჩვენი პოზიციები შეჯერდეს. ერთ კვირაში უნდა გვქონდეს ზუსტი პასუხი, რათა განისაზღვროს ეს საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში წისქვილების ამოქმედებას აზრი არ ექნება. ჩვენ გვჭირდება დარგის ამოქმედების 1-წლიანი გეგმა, რომლის დეტალები პერიოდულად გადაიხედება“, - განმარტა ლევან სილაგავამ.

დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ წისვილკომბინატებს ამოქმედების გეგმა არ ექნებათ, ისინი ხორბლის აღების ახალ სეზონზე მხოლოდ ადგილობრივი ხორბლის გადამუშავებისთვის ვერ ამოქმედდებიან, რადგან ადგილობრივი ხორბლის მოცულობა საკმარისი არ იქნება მათი ფუქნციონირებისთვის და ამასთანავე, წარმოების პროცესში კომბინატები ხარისხიანი ფქვილის მისაღებად იმპორტირებულ ხორბალსაც მოიხმარენ. შესაბამისად, წისქვილებს წარმოების განსაახლებლად 1-წლიანი გეგმა სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები