მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რძის პროდუქტებს არალეგალურად ფიზიკური პირები ყიდიან" - ბაზრის რა პროცენტია გაუკონტროლებელი?

63b85be9ece39
ალა ისპირიანი
06.01.23 22:29
923
საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, კახა კონიაშვილის განცხადებით, საქართველოში სურსათის რეალიზაციას არალეგალურად ფიზიკური პირები ეწევიან.

საუბარია ფაქტზე, რომელიც ორი დღის წინ მოხდა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, რეალიზაციისთვის გამზადებული ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი ამოიღეს და პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

კახა კონიაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ ამბობს, რომ ბაზრის დაახლოებით 70% გაუკონტროლებელია და მათი უმეტესობა პროდუქციას სურსათის უვნებლობის წესის დარღვევით აწარმოებს.

„ბაზრის დიდი ნაწილი, რაც კონკრეტულად რძის პროდუქტებს შეეხება გაუკონტროლებელია, რადგან ბევრი მწარმოებელი არალეგალი ფიზიკური პირია, რომლებსაც სახელმწიფო კონტროლი არ ეხებათ. სურსათის ეროვნული სააგენტო მათ ვერ აკონტროლებს, რადგან რეესტრში ისინი არ არიან და სურსათის მავნებლობაზე მისი ტესტირება არ ხდება. ეს მოსახლეობისთვის დიდ რისკებს და საფრთხეს შეიცავს. ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დაახლოებით 70%-მდე გაუკონტროლებელი, არალეგალური შავი ბაზარია. ესენი ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რომლებიც ზოგი შეიძლება სურსათის უვნებლობის წესის დაცვითაც აწარმოებს პროდუქციას, მაგრამ უმეტესობა ამას არ აკეთებს“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნული ფიზიკური პირების აღწერა და დარეგისტრირება მოხდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ყველა ვალდებულების დაცვა მოუწევთ:“მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებას აკონტროლებს და ჩვენ მეტ-ნაკლებად დაცული ვართ“.

კითხვაზე - როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა, ის ამბობს, რომ არ უნდა შეიძინონ პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული არ არის.

„მომხმარებელი უნდა იყოს ფრთხილად და არ შეიძინონ პროდუქცია ისეთ ადგილებში სადაც მისი სანიტარული და ვეტერინარული კონტროლი არ ხდება. ასევე იქ, სადაც სამაცივრე დანადგარები არ არის. გარეთ მზეზე დადებულ პროდუქტს და ასევე იმ პროდუქტს, რომელიც ეტიკეტირებული არ არის ნუ შეიძენენ“, - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები