რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კონიაშვილის თქმით, მიმდინარე პერიოდისთვის რძეზე ფასის ზრდის მოლოდინი არ არსებობს. როგორც კონიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რძეზე ფასი გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ეტაპზე კი სეზონურობის მიუხედავად ცვლილებების წინაპირობები არ იკვეთება.
„იმის გამო, რომ ზამთრის პერიოდში რძის წარმოება დეფიციტურია და ხასიათდება სეზონურობით, ზოგადად იზრდება ხოლმე რძის და რძის პროდუქტების ფასები, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ იმის ობიექტურ ნიშნებს, რომ ფასმა კიდევ მოიმატოს. ისედაც საკმაოდ მაღალია ფასი, 2 წლის წინ იყო პიკური ზრდა და მაშინაც ვამბობდით, რომ ამაზე მაღალა ვერ გაიზრდებოდა. ეს ასეც მოხდა, მის მერე დასტაბილურდა და დარჩა იმ ნიშნულზე რაც დღეს გვაქვს.
ცვლილება თუ იქნება, ეს უშუალოდ კომპანიის გადასაწყვეტია იქიდან გამომდინარე, რამდენად კონკურენტუნარიანია იგი და რამდენად დაბალანსებული აქვს თვითღირებულება საკუთარი პროდუქციის წარმოებისას. ასოციაციის გადასახედიდან ჩვენ ვერ ვხედავთ იმის მიზეზებს რომ ფასი შეიცვალოს, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა შემადგენელი ინგრედიენტების ნაწილი ხვალ როგორ გაიზრდება, მთელ რიგ პროცესებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ფასების ზრდას არ ველოდებით.
ზოგადად კი იქამდე, ვიდრე ფერმები არ იქნება იმ რაოდენობის, რომ მუდმივ და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფენ, ეს ცვალებადობა იქნება.“ - განაცხადა კონიაშვილმა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, გაძვირდა. ISET-ის კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვერცხის ფასი წლიურად 1.5%-ით შემცირდა, რაც შეეხება სხვა ინგრედიენტებს ოქტომბერში წლიურად 21.8%-ით გაძვირდა საფუარი, 16.4%-ით - კარაქი, 13.2%-ით - რძე, ხოლო ფქვილის ფასი 4.6%-ით მოიმატა.
"ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა. თუმცა რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში", - ნათქვამია ISET-ის კვლევაში
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც ერთ თვეში ფასების 2%-იან ზრდაზე, ხოლო წლიურ ჭრილში 8%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია.