მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში 30-მდე კონტრაქტორი გვყავს, მათგან რძეს ვიბარებთ - "არია"

64b23f8ca6921
მარიამ იზორია
15.07.23 11:51
717
55-მდე დასახელების რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „არია“ სამეგრელოში, კერძოდ, სოფელ მენჯში 60 ჰექტარ ტერიტორიაზე თხის ფერმას და გადამმუშავებელ საწარმოს აერთიანებს. კომპანიაში ამბობენ, რომ თანამედროვე სტანდარტების საწარმო, სადაც ტრადიციულთან ერთად იტალიური, ჰოლანდიური და ფრანგული რძის ნაწარმის დამზადებაც დაიწყეს, „არიას“ პროდუქტის ხარისხს უზრუნველჰყოფს.

„არიას“ დამფუძნებელი ლევან გამგებელი „საქმიანი დილას“ რუბრიკა „საქმიანებში“ ამბობს, რომ საწარმოში კომპანიის ფერმიდან მიღებულ თხის რძეს ამუშავებენ, თუმცა კამეჩის და ძროხის რძეს მოსახლეობისგან იბარებენ.

მისივე თქმით, რძის გადამამუშავებელ საწარმოში თხების მოწველა, მსოფლიო ლიდერი შვედური კომპანია DeLaval-ის საწველი ხაზით ხდება.

„ადგილზე 30-მდე მუდმივი კონტრაქტორი გვყავს. მათგან რძეს ვიბარებთ. პროდუქტს თავდაპირველად ადგილზე, შემდგომ კი ლაბორატორიაში ვამოწმებთ. ჩვენს კონტრაქტორებთან ანგარიშსწორება ყოველკვირას ხდება, მიხარია, რადგან მათ „არიამ“ დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩინა. საკმაოდ სოლიდური თანხა გამოსდით, საუბარია დაახლოებით 2000-3000 ლარზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რამდენი საქონელი ჰყავს“, - აღნიშნავს „არიას“ დამფუძნებელი და იმასაც ამბობს, რომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც „არიას“ საწარმოში რძის ჩაბარების სურვილი აქვთ.

ინფორმაციისთვის: როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქართველი, ჰოლანდიელი და იტალიელი ტექნოლოგების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ იქნა ძროხის, თხისა და კამეჩის რძის პროდუქტის 50-მდე სახეობა, რომელიც მხოლოდ ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება, არანაირ დანამატსა და კონსერვანტს არ შეიცავს და შესაბამისად 100% ნატურალურია. ტრადიციულ სახეობებს შორის ისეთი პროდუქტებია, როგორიც არის: სტრაჩატელა, ბურატა, მოცარელა და სხვა.
კომპანიის პროდუქტის შეძენა თბილისში, ირაკლი აბაშიძის 56 ნომერში, „არიას“ ბრენდულ მაღაზიაშია შესაძლებელი. „არია“ აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები