მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რემდესივირი“ კორონავირუსზე სამკურნალოდ არაეფექტურია – WHO-ს კვლევის შედეგები

5f89cd651b057
თამთა ჯიჯავაძე
17.10.20 00:15
5209
ანტივირუსული მოქმედების პრეპარატი "რემდესივირი“ კორონავირუსზე სამკურნალოდ არაეფექტურია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევის მიხედვით ირკვევა.

კერძოდ, როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პრეპარატს მცირედი ან საერთოდ არანაირი ეფექტი არ ჰქონდა COVID-19-ით დაინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობისას.

ცნობისთვის, ბოლო ნახევარი წელია ოთხ პრეპარატზე მიმდინარეობდა კვლევა კორონავირუსთან მიმართებით, მათ შორის "რემდესივირის“ გარდა, იყო "ჰიდროქსიქლოროქვინი", "რიტონავირი" და "ინტერფერონი". ოთხივე მათგანმა არადამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

"სიკვდილიანობის, ასევე სასუნთქი აპარატების გამოყენების და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მკვეთრად არ შემცირებულა არცერთი პრეპარატის გამოყენების დროს“, – აღნიშნულია კვლევაში, რომელშიც 30 ქვეყნის 405 კლინიკა იღებდა მონაწილეობას და მასში 11 000-ზე მეტი ზრდასრული პაციენტი იყო ჩართული.

"რემდესივირი“ იყო ბოლო იმედი, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევამ დამაიმედებელი შედეგები არც აქ აჩვენა. თუმცა, დაახლოებით ერთი კვირის წინ "ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში" გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, "რემდესივირმა“ შეამცირა გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო პაციენტებში. ცნობისთვის, დონალდ ტრამპსაც "რემდესივირით“ მკურნალობდნენ, მაშინ როდესაც ის უოლტერ რიდის ჰოსპიტალში იყო.

"რემდესივირს“ კომპანია Gilead-ი აწარმოებს, რომლის საბაზრო ღირებულება პანდემიის პერიოდში 29%-ით გაიზარდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო კვლევის შედეგებმა კი შესაძლოა, Gilead-ის აქციების ფასის კლება გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები