მოცვის მწარმოებელი კომპანია „ლურჯ ველი“ ევროპის ბაზარზე ექსპორტის წილის გაზრდაზე მუშაობს.
კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლებანიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მათთვის რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, თუმცა არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ბაზრის დივერსიფიკაციას აპირებენ.
მისივე თქმით, „ლურჯი ველი“ ევროკავშირის ბაზრისთვის საჭირო სერტიფიცირებასაც ფლობს და ნიდერლანდებში, ესპანეთსა და იტალიაში რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.
„საქართველოში პროდუქტს მცირე რაოდენობით ვყიდით. ჩვენთვის მსხვილი ბაზარი რუსეთია, მაგრამ რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებული მოვლენების შემდეგ ვცდილობთ ევროპის ბაზარზე გაყიდვების წილი გავზარდოთ. რუსეთი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მოლოდინებზე საუბარი რთულია, ამიტომ გვინდა, გაყიდვები გაცილებით სტაბილურ ბაზარზე გადავიტანოთ. ამავე დროს ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის სრული სერტიფიცირება გვაქვს და ექსპორტის მიზნით, მოლაპარაკებებს ნიდერლანდებში, ესპანეთსა და იტალიაში ვაწარმოებთ. ახლახან ბერლინში უდიდეს გამოფენაში - fruit logistica 2022 წელს მივიღეთ მონაწილეობა“, - ამბობს „ლურჯი ველის“ დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაითურში ბაღებს 18 ჰექტარზე ფლობს. შარშან "ლურჯმა ველმა" ექსპორტზე 100 ტონა მოცვი გაიტანა. კომპანია მიმდინარე წელსაც, დაახლოებით, 100 ტონა მოცვის მოსავალს ელოდება.