მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი და უკრაინა მწვანილის გასაყიდად ყველაზე მომგებიანი ბაზრებია" - "გეგუთი"

62702675f1fb7
მარიამ იზორია
03.05.22 00:14
999
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 1.6 მლნ დოლარის ღირებულების, ჯამში 1 630 ტონა მწვანილი გაყიდა. ქართული მწვანილი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთსა და უკრაინაში იყიდება.

მწვანილის მსხვილ ექსპორტიორ კომპანიებს შორის ერთ-ერთი “გეგუთია”, რომელმაც გასულ 2021 წელს ექსპორტზე, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯამში 200 ტონა მწვანილი გაიტანა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი მამუკა წიქორიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ მწვანილს რეალიზაციის პრობლემები შეუქმნა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში მწვანილის შეტანა ვერ ხერხდება და გარდა ამ ორი ბაზრისა, ომის გამო პროდუქტის გაყიდვა სხვა ქვეყნებშიც ჭირს.

“აპრილის ბოლოს მწვანილის აღების პერიოდი დასრულდა. გეგუთმა დაახლოებით 400 ტონამდე მოსავალი მიიღო. რაც შეეხება რეალიზაციას, ომის გამო მწვანილის ექსპორტი გაჭირდა, კერძოდ, ფასმა შემცირება დაიწყო. შეფერხდა სხვა ქვეყნებზე წვდომაც. ქართული მწვანილი ისედაც რთულად უწევდა კონკურენციას ირანს, ახლა კი როდესაც ძირითადი გასაღების ბაზრები შეიზღუდა, ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.

რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიკაციას, ჩვენ პოლონეთის ბაზარზე საექსპორტო წილის გაზრდას განვიხილავთ. რუსეთი და უკრაინა მწვანილის გაყიდვის მხრივ ყველაზე მომგებიანი ბაზრებია, რადგან აქ ბევრად უფრო მეტ რაოდენობას მოიხმარენ, ვიდრე ევროპაში, მაგალითისთვის ევროპამ შესაძლოა წლის განმავლობაში მხოლოდ 1 კონტეინერი შეგვიკვეთოს, რომელშიც 16 ტონა პროდუქტია. ამასთან, ევროპაში ფიქსირებული ფასია, ამ ორ ქვეყანაში კი ფასების მხრივაც არჩევანი გვაქვს. საქართველოც მოხმარების კუთხით პატარა ბაზარია, აქ ის რაოდენობაც საკმარისია, რაც ყოველდღიურად ბაზრებში იყიდება”, - ამბობს მამუკა წიქორიძე.

ინფორმაციისთვის: სასათბურე და სამაცივრე მეურნეობა შპს “გეგუთი 2005”, რომელიც 50 ადამიანს ასაქმებს, ჯამში 3 ჰექტარს მოიცავს. ის სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი $150 000-ზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები