რუსეთი სანქციების მიმართ ძალიან მედეგია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო 7 წლის გამოცდილებას, - ამის შესახებ Renaissanse Capital-ის წარმომადგენელმა, სოფია დონეცმა გადაცემა „ანალიტიკის“ წამყვან ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
მან დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ეკონომიკური სანქციების ეფექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი კარგად არის მომზადებული.
„რუსეთის მთავრობას აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს კერძო სექტორს და ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს საბანკო სექტორს. ცენტრალური ბანკის რეზერვები ამ დროისთვის 630 მილიარდი დოლარია, რაც სრულად ფარავს რუსეთის საგარეო ვალს, რაც დიდი განსხვავებაა იგივე 2008 წლის კრიზისთან შედარებით. რუსეთის ფისკალური პოზიცია ძალიან დაბალანსებულია. მთავრობის ვალი მშპ-ს 20%-ზე ნაკლებია. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტი პროფიციტულია. ფისკალური დანაზოგები მშპ-ს 11%-ია. ასევე, გვაქვს ძალიან ზომიერი მაჩვენებლები, რაც შეეხება საგარეო ვალს, რაც მშპ-ს 30%-ზე ნაკლებია“, - აღნიშნა საინვესტიციო ბანკის Renaissanse Capital-ის წარმომადგენელმა.
მან ასევე დასძინა, რომ სხვა კრიზისებთან შედარებით, დღეს რუსეთის საბანკო სექტორი გაცილებით ჯანსაღია. მისივე თქმით, ბანკების საერთაშორისო აქტივები 100 მილიარდი ამერიკული დოლარით აღემატება ჯამურ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამდენად, პოზიცია კარგად დაბალანსებულია და კარგად გადაზღვეულია.
„მიმდინარე ანგარიში პროფიციტულია - შარშან რეკორდი მოხსნა. შესაბამისად, მთავარი და გარდაუვალი დარტყმა, რასაც სანქციებისგან რუსეთი მიიღებს, დაკავშირებული იქნება ინვესტორთა მოლოდინებთან და სენტიმენტებთან. რა თქმა უნდა, ინვესტიციების გადინება გარდაუვალი იქნება“, - აღნიშნა მან. მისივე განმარტებით, სამთავრობო ობლიგაციების ბაზრიდან ეს გადინება შეიძლება იყოს 40 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო თუ ავიღებთ კაპიტალის ბაზარს, გადინება შეიძლება იყოს იგივე ან მეტიც.
„მაგრამ ეს ძალიან ნეგატიური და ძალიან დაბალი ალბათობის მქონე სცენარია“, - ამბობს ის.