მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთთან თანამშრომლობა თავის ჩამოხრჩობის ტოლფასია“ - რჩევები ტურისტულ ბიზნესს

6466035eb1acf
თელარა გელანტია
19.05.23 00:05
2151
ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელი და საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია მიიჩნევს, რომ „რუსეთთან თანამშრომლობა თავის ჩამოხრჩობის ტოლფასია“.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რუსეთის მხრიდან 2019 წელს ცალმხრივად დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

გიორგი დარციმელია ამბობს, რომ ტურისტული კომპანია Queen Tamada რუსულ ტუროპერატორებთან პარტნიორობის აღდგენას და შესაბამისად, მათთვის სერვისის მიწოდებას არ აპირებს და საქართველოს ტურისტული ბაზრის მოთამაშეებსაც იგივეს ურჩევს.

„2019 წელს, როდესაც ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთმა ავიამბარგო დაგვიწესა, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთი 90-100%-ით რუსული ბაზრისთვის მუშაობდა. მაშინ ავიაემბარგომ ბიზნესი იმაზე დიდ შოკში ჩააგდო და დაააზარალა, ვიდრე - პანდემიამ“, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

- როგორ ფიქრობთ, ავიამბარგო იყო კარგი გაკვეთილი ტურისტული ბიზნესისთვის?

- დიახ, ძალიან მწარე და თვალსაჩინო გაკვეთილი იყო. კოლეგებთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა ერთხელ უკვე მოგხვდა მუშტი ცხვირში რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდების გამო, უნდა ვისწავლოთ... მეც უნდა ვაღიარო, რომ ჩემი კომპანიაც (Queen Tamada) პარტნიორობდა რუსულ კომპანიებთან და ისინი არიან ყველაზე უწესო კომპანიები, ვისთანაც გვიმუშავია - 40-მდე პარტნიორი გვყავდა, ვინც გვაწვდიდა ტურისტებს.

- რას ნიშნავს „უწესო კომპანია“?

- შეიძლება დაგიკვეთონ რაღაც, შეთანხმდეთ და მერე შეცვალონ პირობები და ა.შ. ამდენად, იმ ქაოსით, რომელიც საქართველოში არის, ძალიან ცუდად უსარგებლიათ რუსულ ტუროპერატორებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც არაფერი გამოვა, თუ სექტორმა ერთმანეთთან საუბარი არ ისწავლა. უნდა გავიაზროთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და რუსეთი არაა ქვეყანა, რომელიც რაღაც შეცდომას ერთხელ უშვებს და შემდეგ არ იმეორებს. ამდენად, Queen Tamada-მ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო და სერვისს არ ვუწევთ და არ გვაქვს ურთიერთობა რუს პარტნიორებთან. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რაც არ უნდა კარგი კომპანიები იყვნენ რუსეთში, დღეს ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა თავის ჩამოხრჩობის ტოლფასია. სხვა ქართული კომპანიების ადგილას ასე მოვიქცეოდი...

- როგორ ფიქრობთ, თქვენსავით ბევრი ფიქრობს ტურიზმის სექტორში?

- ძალიან იმედი მაქვს, რომ თანამოაზრეები მყავს ამ კუთხით, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ბევრი არ დამეთანხმება.

- ტურიზმში პირველი კვარტლის შედეგების და ახლა უკვე ავიაემბარგოს მოხსნის გათვალისწინებით, როგორი მოლოდინები გაქვთ სექტორში?

- ტურიზმში არის დიდი დაბნეულობა... ბევრმა თქვა, რომ რადგან რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგა, ახლა წამოვლენ რუსი ტურისტები და მოდი, მოვემზადოთ... მოკლედ, დაბნეულობაა, თან ავიაემბარგოდან გამომდინარე ეჭვები აქვთ, მაგრამ ფულის შოვნის ცდუნებაც დიდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები