მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა პროცესების დაჩქარება" - რა მდგომარეობაა ჯუთას გზაზე?

6450e2c1ec98f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.23 15:45
1498
ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე მეწყრული პროცესის განვითარებასა და გზაზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე ადგილობრივი ნოშრევან არაბული Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და არსებული ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ურთავს.

ადგილობრივის შეფასებით, ადგილზე გზის მდგომარეობა სერიოზულია. ნოშრევან არაბული სოფლის მოსახლეობის სახელით ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მმართველობას პრობლემის გადაჭრის თხოვნით მიმართავს.

„ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც "გაკეთების" შემდეგ ქვემოთ მიცოცავდა, უკვე გაიქცა... მალე, ალბათ, თან გაიყოლებს გაზის მილსაც და ელგაყვანილობის ბოძებსაც, ჯუთა მოსწყდება სამყაროს, ხალხი დაკარგავს შემოსავლის წყაროს, შეწყდება სატრანსპორტო კომუნიკაცია ჯუთას სასაზღვრო სექტორთან და ა.შ.

სიტუაცია ძალზე სერიოზულია, არაფერს ვაჭარბებ, იქნებ ჯერ კიდევ არაა მთლად უსაშველო, სოფლის მოსახლეობის სახელით მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, მათ შორის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, მიიტანეთ გულთან ჩვენი გასაჭირი, თქვენ - შეგიძლიათ, ჩვენ - გვეიმედებით!“ - წერს ადგილობრივი ნოშრევან არაბული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულების სტადიაშია. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი კი მაისში გამოცხადდება.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღსადგენად უკვე მიიღო შესაბამისი ზომები. ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულების სტადიაშია. აღსანიშნავია, რომ პროექტირების ფარგლებში, მონაკვეთის სირთულიდან გამომდინარე ჩატარდა კომპლექსური შესწავლა, რის საფუძველზეც საკონსულტაციო კომპანიის მიერ მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, რომლის დასრულების შემდგომ, მაისის თვეში გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. ამჟამად გზა განვლადია, ხოლო დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები უზრუნველყოფს არსებული პრობლემების გადაჭრას“, - განუცხადეს BM.GE-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას პოსტის ავტორმა ნოშრევან არაბულმა აღნიშნა, ჯუთას მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო გზის მოწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მოწყობის პროცესი უნდა დაჩქარდეს, რადგან თუ ეს დროში გაიწელება, ზაფხულის ბოლოსთვის ადგილობრივებს გზა აღარ ექნებათ. ის აღნიშნავს, რომ გზაზე გადაადგილება რისკის შემცველია და რეაგირება სწრაფად უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები