მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამი რაჭველი რეგიონში დავაბრუნე" - ამბროლაურში პირველი ბარი იხსნება

628f328742a55
მარიამ იზორია
26.05.22 19:06
2017
ამბროლაურში პირველი ბარი „ფოსტა“ იხსნება, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე მენიუს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სივრცეს სოციალური დატვირთვაც ექნება და, მაგალითად, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების მსურველებს ბარს უფასოდ დაუთმობენ.

„ფოსტას“ დამფუძნებელი გუჯა კილასონია 1 წლის წინ რაჭაში საცხოვრებლად გადავიდა და „ფოსტას“ იდეაც მაშინ გაჩნდა. როგორც ის bm.ge-სთან აღნიშნავს, ბარი პირადი ფინანსებით მოაწყო და ინვესტიციამ 10 000 ლარი შეადგინა. მისივე თქმით, რეგიონში ახალგაზრდების შენარჩუნების მიზნით ადგილზე 3 რაჭველი ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც აქამდე თბილისში მუშაობდნენ.

„წარმოშობით რაჭიდან ვარ. ერთი წელია, რაც აქაურობას დავუბრუნდი. ყველაფერი მეგობრების დახმარებით გავაკეთე; საჭირო ფინანსები არ გვქონდა, შესაბამისად, ნოემბრიდან გადავწყვიტეთ, რომ ბარისთვის დღეში ერთი რაღაც მაინც უნდა გაგვეკეთებინა. პროცესში მთელი რეგიონი იყო ჩართული და ძალიან დადებითი ემოცია მოდიოდა.

აქ მსგავსი სივრცეების ნაკლებობაა. ადგილობრივი ახალგაზრდები 23:00 საათის მერე გასართობად ვერსად მიდიან, სწორედ ამიტომ ვხსნით „ფოსტას“. ასევე, სივრცე შეგვიძლია უსასყიდლოდ იმ ადამიანებს დავუთმოთ, რომლებსაც რაიმე ტრენინგის ჩატარება მოუნდებათ. სასიხარულოა, რომ შევძელი და სამუშაო ადგილის შექმნით სამი ადამიანი თბილისიდან რაჭაში დავაბრუნე. „ფოსტა“ 31 მაისს იხსნება და უკვე მაგიდის ჯავშნები გვაქვს“, - ამბობს გუჯა კილასონია.

კითხვას -  რა ხელშეწყობა სჭირდება ბიზნესს, გუჯა კილასონია ასე პასუხობს: "კადრების მოძიება პრობლემაა, რადგან აქ ახალგაზრდები ნაკლებად არიან. მოუგვარებელია ტრანსპორტირების საკითხიც, ადგილზე არც მიტანის სერვისია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები