მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამოსელი პირველი" საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებს

620fa1644dba0
მარიამ იზორია
18.02.22 22:15
1613
კომპანია "სამოსელი პირველი" დუბაისა და ყაზახეთის ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ანი ნინუამ განუცხადა, ჯერჯერობით დაზუსტებულ შეკვეთებზე საუბარი არ არის. აღსანიშნავია, რომ „სამოსელი პირველმა“ კატარში სამჯერ კერძო შეკვეთა შეასრულა.

კომპანიის დირექტორის თქმით, თბილისში პირველი ბრენდული მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ, რა მიზნითაც ახლა ლოკაციის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

„ექსპორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. მოლაპარაკებებს დუბაის და ყაზახეთის ბაზრებთან ვაწარმოებთ, თუმცა ყველაფერი მაინც პანდემიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, პირველ ბრენდულ მაღაზიასაც გავხსნით, ახლა "სითი მოლში" შოუ-რუმი გვაქვს, ეს ჩვენი დამხმარე ობიექტია, რადგან მომხმარებლები შეკვეთას ძირითადად საწარმოდან ახორციელებენ“, - ამბობს ანი ნინუა.

ანი ნინუა სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ამბობს, რომ კადრების, კერძოდ მკერავის პოზიციაზე მომუშავე ადამიანების დიდი დეფიციტია.

„ზოგადად მკერავების დეფიციტი სექტორის პრობლემაა, თუმცა ჩვენთან განსაკუთრებულად, რადგან აქ მთლიან სამოსს ერთი ადამიანი თავისი ხელით ქმნის, ამას კი სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში სპეციალური სასწავლებელი არ არის, სადაც ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანები პროფესიული განათლებას მიიღებენ.

ჩვენ გვაქვს სასწავლებლის დაფუძნების იდეა, ეს არა მარტო „სამოსელი პირველს“, არამედ სრულიად სექტორს დაეხმარება“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის: „სამოსელი პირველის“ პროდუქციის ფასი 550 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. საქორწინო სამოსის ფასი კი 10 000 ლარს აღწევს. ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსის გარდა, კომპანია აქსესუარებსაც აწარმოებს.

კომპანია, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს, ამ დროისთვის "სითი მოლში" მხოლოდ ერთი შოუ-რუმით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები