მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპოლიციო გამოსახლება" ბრუნდება? - აღსრულების ბიუროს ინიციატივა, რამაც მესაკუთრეები უნდა დაიცვას

645cfeb0b1d94
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.23 10:00
10305
აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში (ქირავნობა; ნასყიდობა და სხვა) სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად,  აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. 

ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.

საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ, ასევე აღსრულების ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინიციატივა წარუდგინეს.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ,"- ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი, რომელმაც ინიციატივის შესახებ BMG-სთან ისაუბრა. მისი განმარტებით პროექტი ჯერ კიდევ იხვეწება, თუმცა იდეაა, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ დაარეგისტრირონ  ხელშეკრულება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელიც მათ გარკვეული რისკების დადგომის შემთხვევაში დაჩქარებული აღსრულების იურიდიულ საფუძველს მისცემს. აკაკი საღირაშვილის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე წელსვე იმსჯელებს.

“ეს ხელშეკრულება რეგისტრირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. შემდეგ არის პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავენ მოქმედების სქემას, რა უნდა მოხდეს, თუკი დამქირავებელი არ გადაიხდის შესაბამის თანხას. პროექტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოწერს სააღსრულებლო ფურცელს, რომლითაც მოხდება აღსრულება გამარტივებული დაჩქარებული წესით.

ქირავნობის ხელშეკრულებების უმეტესობა არის გაპრობლემებული და სასამართლოსთან არის დაკავშირებული, სადაც იწელება ეს პროცესი, შესაბამისად, ახალი პირობები ამ პრობლემურ მდგომარეობას აგვარიდებს თავიდან. მათ შორის განიტვირთება სასამართლოც, სადაც არაერთი პროცესი მიმდინარეობს.

თუკი მხარეები შეთანხმდებიან, რომ ეს საკითხი იყოს რეგისტრირებული აღსრულების ბიუროში. თუ გაპრობლემდება მესაკუთრე არის დაცული და ერთი თვის პროცედურაც არ დასჭირდება, რომ ურჩი დამქირავებელი გამოასახლოს.

უამრავი უძრავი ქონება არის გაქირავებული და ვერაფერს აკეთებს მესაკუთრე და ზიანსაც ვერ ინაზღაურებენ,”- განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ინიციატივა ე.წ. საპოლიციო აღსრულების ნაწილობრივი აღდგენა, აკაკი საღირაშვილი განმარტავს, რომ ახალი ტიპის ხელშეკრულებები დამქირავებელთა თანხმობით გაფორმდება.

“სამართლებრივად განსხვავებული არის ის, რომ აღსრულების ბიუროში ასეთი ხელშეკრულებები არ რეგისტრირდებოდა. უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გამარტივებულად მოხდება აღსრულების ფურცლის გაწერა.

ეს არის კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა, მოისმინა მოსაზრებები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტს წელს დაამტკიცებენ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც აღსრულების ბიუროს ეს უფლებები მიენიჭება,”- განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები