პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველო ასრულებს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ვალდებულებებს. როგორც მან გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, სანქცირებული პირების სრული სია, რომელიც ყოველდღიურად ახლდება, ფინანსთა სამინისტროს და სებ-ის გავლით კომერციულ ბანკებს რეალურ დროში უახლდებათ.
“ჩვენი ქვეყანა განუხრელად შეასრულებს და ასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც აღებული გვაქვს. მათ შორისაა ის მიმართულება, რაც არის ფინანსები - საბანკო სექტორი პირველ რიგში შეუერთდა ამას. ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რაც გამოცხადდა, იყო VTB ბანკთან დაკავშირებით. ჩვენმა მონეტარულმა ხელისუფლებამ აღასრულა სანქციები და შედეგად, ამ ბანკის ვალდებულებები და აქტივები ისე გადანაწილდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის პრობლემა არ შექმნილიყო. ასევე მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს სიების განახლებასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა და როგორც კი სიის განახლება ხდება, ისინი საბანკო სექტორს მუდმივ ინფორმაციას აწვდიან,” - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
ხოლო კითხვაზე ხედავს თუ არა პრივატიზაციის პროცესში გაზრდილ რისკებს, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელია მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო, რომლებიც სახელმწიფო ქონებას ბიუჯეტის ვალდებულებების შესასრულებლად ყიდიან.
“მე ვერ გეტყვით ასეთ შემთხვევაში რამდენად სწორია პრივატიზება ან აქტივების არგაყიდვა. მთავრობას აქვს გეგმა პრივატიზების შესახებ და ისინი ამ გეგმას ასრულებენ. თუ აქტივის გაყიდვას საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროდ მიიჩნევენ, ისინი ამას განახორციელებენ. ალბათ უფრო უპრიანია ეს მათ ჰკითხოთ,”- პასუხობს ირაკლი კოვზანაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტზე რუსული სანქციებიდან გამომდინარე გაზრდილ რისკებზე ისაუბრა.
“დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს ბიზნესის საწარმოოდ "შავი ხვრელის" ადგილად”, - განაცხადა დიეგო კოლასმა.




























