მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო IT-კომპანიების მოსაზიდად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა" - BDO-ს პარტნიორი

628d3855eb725
თამთა ჯიჯავაძე
25.05.22 00:30
898
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავს და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს საქართველოში მომსახურების ცენტრების გახსნისთვის იწვევს. მაგალითად შეხვედრაზე, რომელიც უმსხვილეს ამერიკული ბლოკჩეინ კომპანია Ripple-ის და კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Salesforce- ის წარმომადგენლებთან შედგა, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოს ბაზარი ციფრული მიმართულებით სწრაფად ვითარდება.

რითი იზიდავს საქართველო გლობალურ IT-კომპანიებს, ამის შესახებ „საქმიან დილაში“ BDO-ს პარტნიორმა, დავით გელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ამ კუთხით კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა საერთაშორისო ბაზარზე, ვინაიდან გვაქვს მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა, გეოგრაფიული მდებარეობა და სხვა უპირატესობებიც. გარდა ამისა, როგორც გელაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად საერთო ჭრილში კვალიფიციური კადრების დეფიციტი სახელდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა IT სფეროში ამ მხრივ ვითარება უკეთესია. 

„საქართველო მდებარეობით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. აქ ცხოვრება იაფია, კადრების გადმოყვანა და აქედან მუშაობაც მისაღებია. IT-მიმართულებით შედარებით კონკურენტუნარიანი ვართ საერთაშორისო ბაზარზე, აქ არსებობს შესაბამისი კადრებიც. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ შემოსულიყო ისეთი გიგანტი კომპანია, როგორიც არის „ეპამი“. ეს კომპანია 36 მლრდ დოლარადაა შეფასებული. სახელდება კიდევ სხვა კომპანიებიც. როგორც ვიცი, შემოსავლების სამსახურში კიდევ ბევრი განაცხადია შესული ნაკლებად ცნობილი კომპანიებისგან, თუმცა რომლებიც დაინტერესებულები არიან ისარგებლონ აქაური სერვისებით.

ამ კომპანიებს შედარებით ახალგაზრდა კადრები ჰყავს, რომელთათვის საქართველო და თბილისი მისაღები საცხოვრებელი გარემოა ფასების, განწყობების, თავისუფლების ხარისხის გამო რეგიონების ქვეყნებთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვანია აქ არსებული გასართობი სივრცეებიც, მათ შორის საკლუბოს სივრცეები, ეს ყველაფერი ჯამში ქმნის მათთვის საინტერესო გარემოს“, - განმარტა დავით გელაშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ საგადასახადო შეღავათების და საკანონმდებლო ჩარჩოს შეთავაზება ინვესტორის შემოსაყვანად საკმარისი არაა. გელაშვილის მოსაზრებით, საჭიროა ნდობა ქვეყნისადმი გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. "ეკონომიკას უნდა ენდობოდნენ და ასევე უნდა არსებობდეს გარკვეული მოცემულობები, რაც მათი ბიზნესის აქ რელოკაციას ხდის საინტერესოს“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები