თანამედროვე ბიზნესგარემოში ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობა - ის კომპანიების მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი ამ მასშტაბური ცვლილებებისთვის და რა განაპირობებს რეალურ წარმატებას გაციფრულების გზაზე?
სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ქვეყნის წამყვანი ინდუსტრიების გაერთიანებას ისახავს მიზნად Industry Talks - უპრეცედენტო B2B პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის პარტნიორობით შეიქმნა. პლატფორმის მიზანია შექმნას სტრატეგიული ხიდი იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც უკვე წარმატებით განახორციელეს პროცესების დიგიტალიზაცია, და მათ შორის, ვინც ამ გზის საწყის ეტაპზეა.
Industry Talk-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია ინდუსტრიის ლიდერი კომპანია "ვისოლი", რომლისთვისაც ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია.
რა ბარიერებს აწყდება ბიზნესი ტექნოლოგიების დანერგვისას, როგორ გარდაიქმნება მობილური აპლიკაცია მრავალფუნქციურ პლატფორმად და რატომ არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიებს შორის ღია დიალოგი - ამ საკითხებზე BMG "ვისოლის" გუნდს გაესაუბრა.
"ვისოლის" მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების დირექტორის, ჯაბა ბოკუჩავას განცხადებით, ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიისთვის მხოლოდ ახალი სისტემების შეძენასა და ინტეგრაციას არ ნიშნავს - ეს ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების უწყვეტი პროცესია.
"ჩვენი მიზანი ერთიანი ციფრული ეკოსისტემის განვითარებაა, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს და სხვადასხვა სერვისს ერთმანეთთან აკავშირებს. გვჯერა, რომ ტექნოლოგიის რეალური ღირებულება ის არის, თუ რამდენად ამარტივებს ის ადამიანების ცხოვრებას და რამდენად ეფექტიანს ხდის ბიზნესს. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და სხვა ინდუსტრიებთან ღია დიალოგია ჩვენთვის Industry Talks-ის მთავარი ღირებულება", - აღნიშნავს ჯაბა ბოკუჩავა.
კომპანიის ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი თათია ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ ხშირად სხვადასხვა სექტორის კომპანიები ერთმანეთისგან იზოლირებულად ცდილობენ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც სინამდვილეში მთელი ბაზრისთვის საერთოა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა "ვისოლმა" Industry Talks-ის მხარდაჭერა.
"ინოვაცია და განვითარება ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. Industry Talks-ის მსგავსი პლატფორმები ქმნის სივრცეს ღია დიალოგისთვის, სადაც ბიზნესებს შეუძლიათ, ისაუბრონ არა მხოლოდ წარმატებულ პროექტებზე, არამედ გამოწვევებზე, შეცდომებსა და მიღებულ გამოცდილებაზეც. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი ცოდნის გაზიარება უწყობს ხელს ქართული ბიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას", - ამბობს ბაბუნაშვილი.
როგორც თათია ბაბუნაშვილი აღნიშნავს, "ვისოლში" მომხმარებლის გამოცდილებასა და შიდა ოპერაციულ ეფექტიანობას ერთმანეთისგან განუყოფელ პროცესებად მიიჩნევენ: ერთი მხრივ, ეფექტიანი შიდა პროცესები მომხმარებლის კარგ გამოცდილებას განაპირობებს, მეორე მხრივ კი - მომხმარებლის ქცევა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს.
ამის ნათელი მაგალითია "ვისოლის" მობილური აპლიკაცია, რომელიც ეტაპობრივად ტრადიციული ლოიალობის პროგრამიდან ავტომობილთან დაკავშირებული მრავალფეროვანი სერვისების გამაერთიანებელ პლატფორმად ტრანსფორმირდება.
"ციფრული არხები გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ მომხმარებლის ქცევა, შევქმნათ პერსონალიზებული შეთავაზებები და უფრო ეფექტიანად ვმართოთ ბიზნესპროცესები.
საბოლოოდ, გაციფრულების წარმატებას არა დანერგილი ტექნოლოგიების რაოდენობით, არამედ იმ რეალური ღირებულებით ვზომავთ, რომელსაც ის მომხმარებლისა და ბიზნესისთვის ქმნის", - აცხადებს ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი.
თათია ბაბუნაშვილის შეფასებით, თანამედროვე ბიზნესისთვის გაციფრულების გზაზე მთავარი გამოწვევა არა თავად ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, არამედ მათი ბიზნესპროცესებთან და ორგანიზაციულ კულტურასთან სწორი ინტეგრაციაა. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას სცდება - ეს პროცესი მოითხოვს:
- არსებული პროცესების გადახედვას;
- სხვადასხვა დეპარტამენტის სინქრონულ კოორდინაციას;
- თანამშრომლების მომზადებას ახალი სამუშაო მიდგომებისთვის;
- მკაფიო ხედვას, თუ კონკრეტულად რა პრობლემას ჭრის ესა თუ ის ტექნოლოგია.
"განსაკუთრებით დიდი და მრავალმიმართულებიანი ბიზნესებისთვის კრიტიკულია, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არ დარჩეს იზოლირებულ IT პროექტად. ის უნდა წარმოადგენდეს საერთო ბიზნესსტრატეგიის ორგანულ ნაწილს, რომელსაც კომპანიის ყველა გუნდი იზიარებს", - აღნიშნავს იგი.
რა გამოცდილებას გაუზიარებს "ვისოლი" კოლეგებს Industry Talks-ზე?
ნოემბერში დაგეგმილ პირველ მასშტაბურ ფორუმზე, სადაც 150-ზე მეტი C-level მენეჯერი და დარგის ექსპერტი შეიკრიბება რიტეილ და ტექნოლოგიური სექტორიდან, "ვისოლის" გუნდი საკუთარ პრაქტიკულ ქეისებს წარადგენს.
კომპანიის მთავარი გზავნილია, რომ ციფრული ტრანსფორმაცია უწყვეტი, ადამიანზე ორიენტირებული პროცესია.
"ვისოლის" მაგალითზე გვინდა ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება ტრადიციული რიტეილის ბიზნესმა ციფრული პროდუქტებისა და პარტნიორული სერვისების განვითარებით მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი შესაძლებლობები შექმნას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა გამოცდილების გაზიარება ლოიალობის ეკოსისტემის განვითარებაზე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ციფრული არხები იქცეს არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნის ინსტრუმენტად.
გვჯერა, რომ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ და სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ახალი იდეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების საფუძველს", - ამბობს თათია ბაბუნაშვილი.
პლატფორმის სადებიუტო ღონისძიება - Industry Talks 1.0 | Retail Transformation 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება და სრულად რიტეილ სექტორს დაეთმობა, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.
ფორუმი რიტეილისა და ტექნოლოგიური სექტორის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააერთიანებს ისეთი საკითხების განსახილველად, როგორებიცაა ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაცია, ყოველდღიური სამუშაო დინამიკის ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.
























