მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ავიახაზებმა" საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მიიღო

61f7dbb676283
მარიამ ვარადაშვილი
31.01.22 18:08
913
"საქართველოს ავიახაზებმა”, რომლის მეწილეც თამაზ გაიაშვილია, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაუდასტურეს.

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „შპს „საქართველოს ავიახაზებზე“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მიმდინარე წლის 28 იანვარს გაიცა. ამ ეტაპზე ავიაკომპანიის საკუთრებაში ერთი ერთეული Boeing 737-86N ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება, რომლითაც კომპანია სატვირთო რეისების განხორციელებას გეგმავს", - აცხადებენ სააგენტოში. 

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (Air Operator Certificate) წარმოადგენს ავიაკომპანიის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით, მისი დანართებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

"საქართველოს ავიახაზები”, რომლის წილებსაც თამაზ და დავით გაიაშვილები ფლობენ, სატვირთო გადაზიდვების დაწყებას გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, "საქართველოს ავიახაზებმა“ სწორედ სატვირთო გადაზიდვების ნებართვის მიღების მიზნით მიმართა.

კომპანიამ სააგენტოს გასული წლის ოქტომბერში მიმართა.

პროცედურულად ექსპლუატანტის სერტიფიცირების მიღების შემდეგ კომპანიამ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობაც უნდა მიიღოს, რათა სატვირთო გადაზიდვები დაიწყოს. მოწმობა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, „საქართველოს ავიახაზების” მეწილეები “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი და დირექტორი თამაზ და დავით გაიაშვილები არიან. კომპანიის დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი ირაკლი მეზვრიშვილია.

მათ შორის წილები ასე ნაწილდება:

თამაზ გაიაშვილი - 40%
ირაკლი მეზვრიშვილი - 40%
დავით გაიაშვილი - 20%.

ვრცლად: გაკოტრების რეჟიმში მყოფ "ჯორჯიან ეარვეისის" მფლობელებს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში გააქტიურება სურთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები